ახალი ამბებიკომენტარი

შეწყალება პრეზიდენტს დააკისრა საზოგადოებამ და არა მთავრობას – ქორიძე

6 მარტი, 2019 • 3040
შეწყალება პრეზიდენტს დააკისრა საზოგადოებამ და არა მთავრობას – ქორიძე

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმდჯომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულების შეწყალების მნიშვნელოვანი ფუნქცია პრაქტიკულად გადაულოცა აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონკრეტულად კი, იმ უწყებას, რომელიც უშუალოდ განაგებს პენიტენციურ სისტემას საქართველოში – იუსტიციის სამინისტროს.

ზვიად ქორიძის თქმით, ამ ვითარებაში აუციელბლად მივიღებთ საკმაოდ არაეფექტურ, ხშირ შემთხვევაში კი უმოქმედო და მკვდარ შეწყალების მექანიზმს. მისი თქმით, შეწყალების ფუნქცია საზოგადოებამ სწორედ პრეზიდენტს დააკისრა, როდესაც იგი არიჩიეს, და არა აღმასრულებელ ხელისუფლებას.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი შეეხო შეწყალების თემას, რადგან ეს არის ის საკითხი, რომელიც ბევრს აწუხებს – არა მხოლოდ მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ მთელ საზოგადოებას. შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ჰუმანური ბუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება და ის ეფექტურად უნდა მუშაობდეს. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ თემაზე საუბრის ძირითადი ნაწილი მიუძღვნა პრეზიდენტ მარგველაშვილის დროს არსებული მექანიზმის დამტკიცებას. ძალიან კარგად ესმოდა პრეზიდენტ მარგველაშვილს და მის მიერ შექმნილი კომისიის ყველა წევრს, რომ შეწყალება არ არის ამნისტია, სასამართლო ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმი და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის ჩანაცვლება. ყველა საკითხზე, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ახსენა პარლამენტში გამოსვლისას, ძალიან ხშირად საჯაროდ გამოგვითქვამს მოსაზრება სხვადასხვა დისკუსიაში, რადგან მიგვაჩნდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიგვექცია შეწყალების მექანიზმის სწორ გააზრებაზე. მგონია, რომ ეს მაქსიმალურად შევძელით”, – ამბობს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმდჯომარე.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროს ბევრი მსჯავრდებულის შეწყალება ზუსტადაც იმის მაჩვენებელი იყო, თუ როგორი პოზიცია შეიძლება გამოეხატა სახელმწიფოს სახელით მოსაუბრე პრეზიდენტს ამა თუ იმ მსჯავრდებულის მიმართ:

“ასევე, რამდენად შეიძლება სისხლის სამართლის და პენიტენციური პოლიტიკაც იყოს მაქსიმალურად ჰუმანური, ეს ამის გამოხატულება იყო. შეიძლება ეს ბევრს აწუხებს და ნერვებს უშლის, მაგრამ ჩვენ მაინც დარწმუნებული ვართ, რომ ეს პოლიტიკა და ასეთი მიდგომა შეწყალების მიმართ იყო მართებული.

ის, რომ შეიძლება ამან გამოიწვია ისეთი რისკიც, როგორიც ცალკეულ შემთხვევებში მოხდა, როდესაც შეწყალებულმა ადამიანმა ჩაიდინა სხვა ტიპის დანაშაული, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული რეფორმაა გასატარებელი სოციალურ სამსახურებში, რადგან მსჯავრდებულების რესოციალიზაცია რეალურად განხორციელდეს. მინდა, ამაზე კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, რადგან შეწყალების მექანიზმი არ უნდა იყოს ისეთი, რომელსაც უნდა უფრთხოდეს და გაურბოდეს პრეზიდენტი ქვეყანაში, სადაც რეპრესიული ბუნება კანონისაც და აღმასრულებელი ხელისუფლებისაც, არის მაღალი. ამას აუცილებლად სჭირდება დაბალანსება ამ ჰუმანური აქტით”.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმდჯომარის განცხადებით, 2014-15 წლებში მთავრობას ჰქონდა მცდელობა, პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის ეს ფუნქცია გარკვეულწილად ჩამოერთმია და ჩაენაცვლებინა სხვა მექანიზმებით. მისი თქმით, მაშინ ერთ-ერთი ალტერნატივა იყო სწორედ იუსტიციის სამინისტროსთვის ამ ფუნქციის გადაცემა:

“ეს ის პერიოდია, როცა იუსტიციის სამინსიტრო პენიტენციურ სისტემას არ განაგებს, მაგრამ მაშინაც მკვეთრად უარყოფითი პასუხი მიიღო მთავრობამ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომლებიც კონსტიტუციურ წესრიგზე გარკვეულ ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში. ითქვა, რომ არ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებაში, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციით ექსკლუზიურად აქვს მინიჭებული, ჩაეზიაროს აღმასრულებელი ხელისუფლება. დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების ჩაზიარებაზე კი არ არის საუბარი, არამედ პრაქტიკულად საუბარია იმაზე, რომ შეწყალების კომისია შეიქმნას იუსტიციის სამინისტროში, ანუ იმ უწყებაში, რომელიც თავად განაგებს პენიტენციურ სისტემას”.

ზვიად ქორიძე აღნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტროს, როგორც პენიტენციური სისტემის განმკარგველ უწყებას, დღეს გააჩნია პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმიც და შესაბამისი კომისიაც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში. ამიტომ, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, ცოტა გაუგებარი იქნება, რა პრინციპით დაყოფს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ადამიანებს იუსტიციის სამინისტრო – რომელი მათგანია პირობით ვადაზე ადრე გამოსაშვები და რომელია შესაწყალებელი, რომ ამ შეწყალების რეკომენდაცია მისცეს შემდეგ პრეზიდენტს.

“კი, პრეზიდენტი იტოვებს უფლებას, რომ გამოსცეს შეწყალების აქტი, თუმცა ეს იქნება იშვიათად, მცირე რაოდენობით და ისეთი, რომ მას არ ჰქონდეს პასუხიც კი გასაცემი საზოგადოებისთვის, თუ რატომ შეიძლება ესა თუ ის ადამიანი შეიწყალოს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტს რაკი აქვს ეს უფლება, მან ეს უფლება უნდა განახორციელოს იმ მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებით, რომლითაც იგი აირჩიეს და იმ მნიშნველოვანი ფუნქციის განხორციელების მიზნით, რომელიც მას საზოგადოებამ დააკისრა. საზოგადოებამ მას დააკისრა ეს ფუნქცია და არა იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინსიტრო აღმასრულებელი ხელისუფლებაა და მას არაფერი ესაქმება შეწყალების მექანიზმთან.

ჩემთვის გასაგებია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიდგომა – ერთი მხრივ, იგი გაურბის კონკრეტული ისტორიების გაცნობას, ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც არის ცალკეული სისხლის სამართლის გადაწყვეტილებების ფაბულაში. პრაქტიკულად, ეს დისკომფორტს შეუქმნის მას. ამიტომ პრეზიდეტნმა ეს კომფორტის ზონა არ უნდა შეიქმნას, როცა შეწყალების მექანიზმზეა საუბარი. ის ყველა ამ საქმეს უნდა გაეცნოს, რაზეც მიმართავენ მსჯავრდებულები, კომისიაც მისი ნდობით აღჭურვილი პირებისგან უნდა შეიქმნას და პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს ყველა იმ შედეგზე, რომელიც დადგება. ძალიან ცუდია, თუ ის ამ პასუხისმგებლობას და ამ ვითარებას გაურბის”, – აცხადებს ზვიად ქორიძე.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმდჯომარის განცხადებით, მსჯავრდებულთა ყველა ისტორია მიანიშნებს ქვეყანაში გამართული სოციალური სასამხაურების ჩამოყალებების აუცილებლობაზე იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილ ადამიანებთან თავიდანვე დაიწყოს მუშაობა რესოციალიზაციის მიმართულებით და არამხოლოდ მაშინ, როდესაც მათი საპატიმროდან გათავისუფლება დგება დღის წესრიგში. როგორც ზვიად ქორიძე ამბობს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ყველაზე მეტ სირთულეს სწორედ აქ აწყდებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დაკომპლექტებული შეწყალების კომისია, ხოლო ამაზე ძალიან ხშირად ხმამაღლა გამოუთქვამთ მოსაზრება.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი საპარლამენტო გამოსვლისას შეწყალებისა და მოსამართლეთა უვადო დანიშვნების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას და რომელიც უმეტესი ქვეყნების პრაქტიკაში მოიპოვება.

შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას და რომელიც უმეტესი ქვეყნების პრაქტიკაში მოიპოვება. ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს. პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს, ალბათ, იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. ის განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს:

“საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად. გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები. შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების ან მასზე უარის თქმის საფუძველი”.

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა – პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი