ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არც “ევროპული საქართველო” ესწრება

პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას არც “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დაესწრებიან. სხდომის დაწყებამდე ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა:

“იმის გამო, რომ “ევროპული საქართველოს” აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილის ხელისუფლებამ მიმართა ამომრჩევლების ცინიკურ, მასობრივ მოსყიდვას, ძალადობას და კრიმინალური სამყაროს დახმარებას, კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას, ხშირ შემთხვევაში ბიულეტენების პირდაპირ ჩაყრას. იმის გმაო, რომ ამისთვის არავინ დასჯილი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები არსებობს და ვიდეოზეა აღბეჭდილი.

იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მეორე ტურის დროს წინ წამოწია შავრაზმული პუტინური ძალები და აწარმოა იძულების და დაშინების კამპანია; იმის გამო, რომ ამ ყველაფერმა შეურაცხყოფა მიაყენა ამომრჩევლებს, შელახა კონსტიტუციის ფუნდამენტური უფლებები და დააზიანა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი.

იმის გამო, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე ამის გამო არის მოხვედრილი და თავად იქცა ამ ყველაფრის სიმბოლოდ; იმის გამო, რომ მისი პირველი ნაბიჯები ამ თანამდებობაზე იყო გაგრძელება ამ უგულებელყოფის და შეურაცხყოფის, კოლაბორაციის  და ნეპოტიზმის. ამ ყველაფრის გამო “ევროპული საქართველო” იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და სხდომას არ დაესწრება”, – თქვა ბოკერიამ გუნდთან ერთად სხდომათა დარბაზის დატოვებამდე.

დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძემ ბოკერიას გმაოსვლა  და “ევროპული საქართველოს” მიერ სხდომის დატოვება პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობად შეაფასა.

სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”.

მოხსენების წაკითხვის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატთა ბოიკოტი შეაფასა სალომე ზურაბიშვილმაც. პრეზიდენტის თქმით, ეს ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოს შეურაცხყოფაა:

“ძალიან ვწუხვარ, რომ აქ არის ცარიელი ადგილები, როცა გამოდის ამ დარბაზში ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არ არის ჩემთვის პირადად შეურაცხყოფა, ეს არის შეურაცხყოფა ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოსი. ამ ცარიელი სკამების უკან არსებობენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი. მინდა მათ გაიგონ, რომ მე მათაც მივმართავ და ვარ მათი პრეზიდენტიც” ,- თქვა ზურაბიშვილმა.

ენმ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.