ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ იქმნება ნაციონალური იდენტობა აფხაზეთში – დავით ჯიშკარიანი

6 მარტი, 2019 • 6366
როგორ იქმნება ნაციონალური იდენტობა აფხაზეთში – დავით ჯიშკარიანი

ისტორიაში მომხდარი ყველა ფაქტის და პოლიტიკური მოვლენის დამახსოვრება ადამიანის გონებას არ შეუძლია. საუკუნეების განმავლობაში საზოგადოებას  მისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები გარკვეული ხანი ახსოვს. დროის გასვლასთან ერთად კი ეს მოვლენა მნიშვნელობას კარგავს და უბრალოდ ისტორიულ მოვლენათა ქრონოლოგიაში გადაინაცვლებს.  რა უნდა გვახსოვდეს და რა უნდა დაგვავიწყდეს, ამათან დაკავშირებით ხშირად პოლიტიკოსები და ელიტები „ზრუნავენ“, იშვიათად კი – მთელი საზოგადოება. მეხსიერებაზე კონტროლი პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღია.  ასე ხდება მსოფლიოში, ასეა საქართველოში და ასეა აფხაზეთშიც.

ჯერ კიდევ 1895 წელს, 14 სექტემბრის  გაზეთ “ივერიის” პირველ გვერდზე იყო ცნობები ერთი საუკუნით ადრე მომხდარი კრწანისის ბრძოლის შესახებ.  ოდესელი ქართველები წერდნენ, რომ „მთლიან საქართველოსთან ერთად ვლოცულობთ იმ დიდებულ გმირთა სულებისათვის, რომელთაც კრწანისის ველზედ სარწმუნოებისა და ძვირფასს სამშობლოს თავი შესწირეს.“ განმარტებისათვის, ამ პერიოდში პოლიტიკურად საქართველო არ არსებობდა და ის რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო.

ასევე, კრწანისის ომში მონაწილეობა სულაც არ მიუღია მთლიანად საქართველოს და ქართლ-კახეთის სამეფოს ომი იყო. თუმცა გაზეთ “ივერიას”, დეპეშის ავტორებს და რედაქტორს, ილია ჭავჭავაძეს ეს ფაქტები არ ანაღვლებდათ, რადგან კრწანისის ბრძოლის თარიღი ნაციონალური სიმბოლოს მატარებელი იყო.

გავიდა კიდევ ერთი საუკუნე და 1995 წელს ეს თარიღი უღიმღამოდ აღნიშნეს გაეროს მიერ აღიარებულ და დამოუკიდებლობაგამოცხადებულ საქართველოში. მეხსიერების პოლიტიკა ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო.   გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ აქტიურად იბეჭდებოდა ისტორიკოს ალეკო ასლანიშვილის სტატიები საბჭოთა რეპრესიების შესახებ. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა კი ეს დღე ამ ტრაგედიასთან გახადა ასოცირებული საქართველოსთვისაც.

აფხაზებსაც აქვთ საკუთარი ხსოვნის პოლიტიკა და, შესაბამისად, სიმბოლური თარიღი 4 მარტი –  აფხაზეთის გასაბჭოების დღე. 1947 წელს სამმა აფხაზმა ახალგაზრდა მეცნიერმა – გიორგი ძიძარიამ, ბაგრატ შინკუბამ და კონსტანტინ შაკრილმა- მოსკოვში წერილი გაგზავნეს. მათ სჯეროდათ, რომ ეს აქტი აფხაზი ერის ღირსების აღდგენისაკენ იყო მიმართული. ეს ის დროა, როდესაც აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოშიც თანამდებობებზე ლავრენტი ბერიასთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ დანიშნული და ისინი „აგვარებდნენ“ ყველანაირ პრობლემას. ამბიციური აკაკი მგელაძე აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი იყო და აქტიურობდა რეგიონში, მას წინ მიმავალი გეგმები ჰქონდა. აფხაზეთში დაბადებული პეტრე შარია კი საქართველოს ცკ-ში მუშაობდა, პროპაგანდასა და იდეოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მერხეულელი ბერია კრემლში იმყოფებოდა. ეს ის ხალხი იყო, ვინც აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობას კარგად იცნობდა. ამ გარემოში ახალგაზრდა მეცნიერების პროტესტის წერილის გაგზავნა მოსკოვში მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.

შაკრილი, შინკუბა და ძიძარია აფხაზური სკოლების აღდგენასთან ერთად ნაციონალური სიმბოლიზმის დაბრუნებას ითხოვდნენ აფხაზებისათვის. ამაში იგულისხმება ფოლკლორული ანსამბლის ხელშეწყობა, რადიომაუწყებლობა აფხაზურ ენაზე და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა  აფხაზეთში გასაბჭოების დღედ 4 მარტის და არა 25 თებერვლის აღნიშვნა იყო. მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივ პრესაში ყოველთვის ეთმობოდა ყურადღება 4 მარტს, მეცნიერებისთვის ეს საკმარისი არ იყო, რადგან ის იყო წარმოჩენილი როგორც საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გასაბჭოება. 4 მარტის აღნიშვნა აფხაზებისთვის ნიშნავდა დისტანცირებას 25 თებერვლისგან, საბჭოთა საქართველოს ნარატივისგან; დემონსტრირებას იმისა, რომ ისინი სხვები არიან და არ იზიარებენ საქართველოსთან საერთო ისტორიას.

აფხაზი გულშემაკტივარი ConIfa-ს ჩემპიონატში აფხაზეთის ნაკრების გამარჯვებას ზეიმობს: სოხუმი, ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა

1992-1993 წლების ომის შემდეგ აფხაზებისათვის 4-მა მარტმა დაკარგა უპირველესი ნაციონალური დღის ფუნქცია. უფრო მნიშვნელოვანი თარიღები ნაციონალური მეხსიერებისათვის გახდა 27 სექტემბერი – „სოხუმის განთავისუფლების“ და 30 სექტემბერი- „გამარჯვების დღე“.

4 მარტის ტრანსფორმაციას კიდევ ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა შეუწყო ხელი. 2005 წლის 4 მარტს გარდაიცვალა ვლადისლავ არძინბა, აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი. ადამიანი, რომელიც აფხაზებისათვის სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლად მიიჩნევა, მისი გარდაცვალების დღის აღნიშვნა უხერხული იყო. მის შემდგომ ხელისუფლების სათავეში მოსული სერგეი ბაგაპშიც ასევე 4 მარტს იყო დაბადებული.  მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს ახალგაზრდები ხშირად ამკობენ ყვავილებით ნესტორ ლაკობასა და ეფრემ ეშბას ძეგლებს, ეს დღე უკვე აღარაა ნაციონალური იდენტობის მთავარი სიმბოლური გამომხატველი.

წელს საქმე იქამდე მივიდა, რომ 4 მარტის ქუჩას სახელს უცვლიან სოხუმში. პროექტის თანახმად, 4 მარტის სახელი დაერქმევა დღევანდელი მარუხის ქუჩას, ხოლო ამჟამინდელ 4 მარტის ქუჩას ეწოდება ფაზილ ისკანდერის სახელი.

ოთარ ჭილაძე თავის ჩანაწერებში ერთგან აღნიშნავს, რომ მწერალი იმ ეროვნებისაა, რომელ ენაზეც წერსო. ფაზილ ისკანდერი ამ კუთხით ძალიან საინტერესოა, მისი ყველა ნაწარმოები რუსულ ენაზე შეიქმნა, თუმცა აფხაზურ ნაციონალურ ნარატივში ის უპირველესი და ყველაზე დიდი აფხაზი მწერალი გახდა.  მის პოპულარულ ნაშრომს „სანდრო ჩეგემიდან“ (Сандро из Чегема) კი უმთავრეს ნაციონალურ ნაწარმოებად მიიჩნევენ.

მეხსიერების პოლიტიკის წარმოებით, რომელიც აფხაზეთშია, ის კიდევ უფრო სცილდება საქართველოში არსებულ ან ფორმირებაში მყოფ ნაციონალურ ნარატივს.  4 მარტის ქუჩის გადარქმევა სრულებით არ ნიშნავს აფხაზურ ნაციონალურ ნარატივზე უარის თქმას. მაშინ როდესაც 25 თებერვალი საქართველოში რუსული ოკუპაციის დღეა, 4 მარტი აქ  ქართული მენშევიკური ოკუპაციიდან განთავისუფლების დღეა. სხვათა შორის, ფაზილ ისკანდერი თავის ნაწარმოებში არაჩვენებურის, არააფხაზის და უცხოს გამომხატველ სიტყვად “ენდურცის” (Эндурцы) იყენებს. პირველივე თავში კი ასეთები ქართველი  მენშევიკები არიან.

საქართველოში, სადაც დეკლარირებულად მშვიდობაზე და ძმობაზე საუბრობს პოლიტიკური ელიტა, მთავარი რამ ავიწყდებათ, საქართველოში ფორმირებაში მყოფი ნაციონალური იდენტობა რადიკალურად განსხვავდება აფხაზეთში არსებულისაგან. ეს იდენტობები კი არ აახლოვებს, არამედ აშორებს საზოგადოებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი