ახალი ამბები

ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ – რას წერს სახალხო დამცველი?

5 მარტი, 2019 • 2493
ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ – რას წერს სახალხო დამცველი?

დღეს, 5 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიში აერთიანებს ქვეყნის სხვადასხვა დაუცველი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობასა და სახალხო დამცველის გაწეულ სამუშაოს, ასევე, რეაგირებას მის გადაწყვეტილებებზე.

მიმდინარე საანგარიშო პრიოდში სახალხო დამცველმა მიმართვის საფუძევლზე თუ საკუთარი ინიციატივით სულ შეისწავლა 159 სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი. ყველაზე მეტ – 26 შემთხვევაში, საუბარი იყო სქესის ნიშნით დისკრიმინაციაზე, 19 შემთხვევაში – განსხვავებული შეხედულების, 18 შემთხვევაში – რელიგიის, 12 შემთხვევაში კი – სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით.

ქალთა თანასწორუფლებიანობა

ამ ნაწილში სახალხო დამცველი სამ მიმართულებას გამოყოფს: სექსუალური შევიწროება, ორსულობის თანმდევი დისკრიმინაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა.

დოკუმენტის თანახმად, სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული განცხადებები ძირითადად ეხება პროფესიული საქმიანობის დროს განხორციელებული შევიწროების ფაქტებს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართვიანობა გახშირდა მას შემდეგ, რაც მედიამ ერთ-ერთი საჯარო პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტები გააშუქა.

ანგარიშში მოცემულია დადგენილი სექსუალური შევიწროების ფაქტი, როცა სუპერმარკეტების ქსელ “ფრესკოში” ქალების გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც თავს მიიჩნევენ შევიწროების მსხვერპლად, საერთო დამოკიდებულებები ახასიათებთ: თავის დადანაშაულება, მტკიცებულებათა განადგურება, გარშემომყოფთა რეაქციის გათვალისწინება და სხვა.

ორსულობის ნაწილში ომბუდსმენს მოჰყავს საქმე, როცა ერთ-ერთმა კომპანიამ დასაქმებულს მომსახურების ხელშეკრულება არ გაუგრძელა მას შემდეგ, რაც მისი ორსულობის შესახებ შეიტყო. ანგარიშის თანახმად, კომპანია ამბობდა, რომ ამ ტიპის ხელშეკრულების  პირობებში დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლებაზე მსჯელობა უსაფუძვლო იყო. მიუხედავად ამისა, ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ ორსულ ქალს კანონით გათვალისწინებული უფლების სარგებლობისას განსხვავებულად მოეპყრნენ და დისკრიმინაცია დაადგინა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებზე საუბრისას სახალხო დამცველის აპარატი ორ მიმართულებას გამოყოფს: ერთი მხრივ, მსხვერპლის მირ ორსულობის შეწყვეტის დაფინანსება სასამართლოს ძალაში შესულ განაჩენზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, მეორე მხრივ კი, ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მსხვერპლის სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსების შესაძლებლობა არსებობდეს.

შეზღუდული შესაძლებლობები

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შშმ პირთა უფლებები არც მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესებულა: ანგარიშის თანახმად, ფიზიკური შეზღუდვის მქონე და უსინათლო პირების საჯარო სერვისებზე წვდომა კვლავ პრობლემაა, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე კი სახელმწიფოს სოციალური პაკეტი არ ვრცელდება.

მიმდინარე პერიოდში შშმ პირების სანოტარო მომსახურების მიღებასთან წვდომის პრობლემა გამოიკვეთა, რის გამოც ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა ნოტარიუსთა პალატას, გეოგრაფიული თვალსაზრისით განიხილოს სანოტარო ბიუროების ფიზიკური მისაწვდომობის საკითხები.

ანგარიშში ასევე მოცემულია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის სპეციალური პარკირების ახალი წესი, რომლით სარგებლობის საშუალებაც მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს აქვთ. ეს ნორმა სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად მიიჩნია.

ომბუდსმენის აზრით, მხედველობასთან დაკავშირებული შეზღუდვის მქონე პირების საკითხი განსაკუთრებით მწვავეა . ანგარიშის თანახმად, ძირითად შემთხვევებში, მათ ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის პრობლემა აქვთ.

არასრულწლოვანთა მიმართ დისკრიმინაცია

ამ ნაწილში სახალხო დამცველი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისადმი მოპყრობას და ბავშვების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის საკითხს გამოყოფს.

სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე საუბრისას ანგარიშში ორი ფაქტია აღწერილი: ერთ შემთხვევაში საუბარია ჰიპერაქტიურ ბავშვზე, რომელთანაც არ მუშაობდა სპეციალისტი, რის გამოც მისი მდგომარეობა გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში დასაქმებული იყო სპეციალური მასწავლებელი, რომელიც კიდევ 11 ბავშვთან მუშაობდა, ომბუდსმენმა მიიჩნია, რომ ეს საკმარისი არ იყო, ვინაიდან ბავშვის მდგომარეობა სხვებისაგან განსხვავდებოდა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სამინისტრომ ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა და ბავშვისთვის სპეცმასწავლებლის გამოყოფის რეკომენდაცია გასცა.

მეორე შემთხვევა ბავშვის ბაღიდან გარიცხვას ეხება. ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ჰიპერაქტიურობის გამო, მას სხვებთან მუშაობა არ შეეძლო და სხვა მშობლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მისი ქცევის გამო. სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია დაადგინა, რადგან “ის ეფუძნებოდა სამომავლო შიშს”.

სასამართლოს ნაწილში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ზოგჯერ გამორიცხავს ბავშვების ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე, ვინაიდან 14 წლამდე არასრუწლოვანი სასამართლოში წარმომადგენელს ვერ ირჩევს. ომბუდსმენის აზრით, მათ შემთხვევაში, უმჯობესია, წარმომადგენლობის საკითხი სასამართლოს მიენდოს, რაც შესაძლოა 14 წლამდე პირთა დაცვის დამატებითი საშუალება გახდეს.

ეროვნება

ანგარიშის თანახმად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბადებული 21 პირი, რომელთაგან 11 საქართველოს მოქალაქე ფერეიდნელი ქართველია, ამბობს, რომ კომერციული ბანკების უმრავლესობა ანგარიშის გახსნის საშუალებას არ აძლევს. სახალხო დამცველის თანახმად, მათ, ვისაც ანგარიში უკვე გახსნილი აქვთ, თანხის მხოლოდ ლარში გამოყენების უფლებას აძლევენ.  სახალხო დამცველის ცნობით, ბანკებში სხვადასხვა სახის პრობლემები სირიისა და ნიგერიის მოქალაქეებსაც ექმნებათ.

ომბუდსმენის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან ეროვნულ ბანკს რელევანტური რეგულაციების შემუშავების შესახებ მოუწოდა. ანგარიშის მიხედვით, მსგავს პრაქტიკას ეროვნული ბანკი არ უარყოფს და განმარტავს, რომ ეს ქვეყნები, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, “საყურადღებო ზონების ნუსხაშია შეყვანილი”.

ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა

ანგარიშის თანახმად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თემის წარმომადგენელთა მხრიდან ორიენტაციისა და იდენტობის ნიშნით სავარაუდო დანაშაულების შესახებ მიმართვა ამ საანგარიშო პერიოდშიც მაღალი იყო.

ომბუდსმენი ნეგატიური დამოკიდებულებისა და დისკრიმინაციის კონტექსტში ყურადღებას რამდენიმე ფაქტზე ამახვილებს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობა 17”-სთვის საოფისე ფართის მიქირავებაზე უარის თქმა მათი საქმიანობის გამო. ასევე, გასული წლის 17 მაისს, სიტყვით გამოსვლისას, გეი აქტივისტზე თავდასხმა, სექტემბერში “თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან მომხდარი ინციდენტი და აგრესიული კამპანია ფეხბურთელ გურამ კაშიასადმი, რომელმაც ლგბტ+ პირების თანასწორობას მხარი დაუჭირა.

ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის სამსახურს მიმართავდნენ ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსგენდერთა საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება. ომბუდსმენი საკითხს სწავლობს.

დისკრიმინაცია შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები ყველაზე ხშირად გვხვდება. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში ამ დრომდე არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ვაკანსიებში დისკრიმინაციულ კრიტერიუმებს აკრძალავს. აღნიშნული რეკომენდაციით მან სახელმწიფოს უკვე მიმართა.

დოკუმენტის თანახმად, ამ კუთხით შევიწროების საკითხი ყველაზე მეტად საჯარო სკოლებში გამოვლინდა. განმცხადებლები ახლაც მიუთითებდნენ დისკრიმინაციული საფუძვლით საგაკვეთილო საათების შემცირებასა და სხვა შეზღუდვებზე.

ანგარიშის თანახმად, შრომით ურთიერთობებში კვლავ რჩება გამოწვევად პოლიტიკური მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია. ომბუდსმენმა ერთ-ერთი ასეთი საქმის განხილვის შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რეკომენდაციით მიმართა, ვინაიდან, ფაქტობრივი მასალების თანახმად, განმცხადებელს კონტრაქტი არ გაუგრძელეს უნივერსიტეტში 2016 წლის აპრილში მიმდინარე პროტესტში მონაწილეობის გამო.

დისკრიმინაცია სოციალური სარგებლის მიღებისას

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით დაწესებული კრიტერიუმები ზოგჯერ გამორიცხავს მათზე ხელმისაწვდომობას შშმ, განსაკუთრებით კი, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია რეაბილიტაციის პროგრამაში 5 წლამდე ბავშვთა ჩართულობის საკითხი: აღნიშნულის ძალით, 5 წელს ზემოთ ბავშვებს დაფინანსება უწყდებათ და მომლოდინეთა სიაში გადადიან, რაც მათ მკურნალობის უწყვეტობას აფერხებს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არაერთგზის მოუხდენია რეაგირება რიგი მუნიციპალიტეტების სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებითაც. ანგარიშის თანახმად, ორი დისკრიმინაციული მიდგომა სხვადასხვა დროს გამოასწორეს ზესტაფონისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებმა.

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ სოციალური სარგებლის მიღებისას დისკრიმინაცია ვლინდება მაშინაც, როცა გარკვეული უფლებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ, მუდმივი ბინადრობის მქონე პირები კი ამ სარგებელს მოკლებულნი არიან. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მოუწოდა, ორივე ჯგუფზე მსგავსი მიდგომა გაავრცელოს.

დისკრიმინაციის წახალისება

“სამწუხაროდ, თანამდებობის თუ სხვა საჯარო პირების მხრიდან დისკრიმინაციული გამონათქვამების შემთხვევები მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც არაერთხელ დაფიქსირდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველმა ამ კუთხით პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები შეისწავლა. ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ყველაზე ხშირად დისკრიმინაციული განცხადებები ქალების მისამართით ისმის. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის შეხვედრა ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობასთან, რომელსაც მხოლოდ კაცები ესწრებოდნენ. მაშინ ისმოდა “არგუმენტები”, რომ ქალებისათვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგმა კი ქალთა არყოფნის მიზეზად სადილის გაკეთება დაასახელა. ამ უკანასკნელს თემურ აბაზოვიც დაეთანხმა.

სახალხო დამცველს ასევე შესწავლილი აქვს სასამართლოს, მედიისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების, ასევე კერძო ბიზნესის სუბიექტების ქმედებები. შესწავლის საგანი საკანონმდებლო აქტებში დისკრიმინაციის წამახალისებელი ტერმინებიც იყო.

ერთ-ერთ ასეთ ტერმინად სახალხო დამცველმა “ოჯახის უფროსი” მიიჩნია და მისი სხვა უფრო ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლება მოითხოვა. ანგარიშის თანახმად, რეკომენდაცია შესრულების პროცესშია.

სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები

ანგარიშის თანახმად, წინა წლების მსგავსად, სახალხო დამცველისათვის ახლაც ბუნდოვანია, თუ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სავარაუდო სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით.

სახალხო დამცველმა 2015-2018 წლებში აპარატში შესული მსგავსი განცხადებები ერთ დოკუმენტში გააერთიანა. ანგარიშის თანახმად, დოკუმენტი მოიცავს 50-ზე მეტ ფაქტს სიძულვილის მოტივირებული დანაშაულის გამოძიების ფარგლებში არსებული ხარვეზების, ასევე, სამართალდამცავთა მიერ სიძულვილის მოტივით მიყენებული სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ.

სახალხო დამცველის ცნობით, შემთხვევები, როცა გამოძიების პროცესში დისკრიმინაციული საფუძველი არ გამოიკვეთა, შემდეგ კი გამოძიება გაგრძელდა, შეწყდა ან დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო არც დაწყებულა, იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობრივ და სხვა ქმედებებს ეხებათ. საუბარია ფიზიკურ ძალადობაზე, ავტომანქანის განგებ დაჯახებაზე, რელიგიური ლიტერატურის დაწვასა და რელიგიური დანიშნულების შენობების დაზიანებაზე.

სახალხო დამცველი საუბრობს ლგბტ+ პირთა მიმართ სავარაუდო სიძულვილით ჩადენილ ფაქტებზეც, როცა გამოძიების მიერ დისკრიმინაციული მოტივი არ გამოიკვეთა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია, რა საგამოძიებო მოქმედებები გატარდა ამის დასადგენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი