ახალი ამბები

გამოსავალი არა აბორტების აკრძალვა, არამედ ბავშვებისთვის სათანადო პირობების შექმნაა – ხუნდაძე

5 მარტი, 2019 • 1356
გამოსავალი არა აბორტების აკრძალვა, არამედ ბავშვებისთვის სათანადო პირობების შექმნაა – ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებით, აბორტი ქალისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა. თუმცა, როგორც ის ამბობს, საუკეთესო გამოსავალია არა მისი აკრძალვა, არამედ სახელმწიფოს მიერ იმ პირობების შექმნა, რომ ქალმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

“აბორტების საკითხის სწორად წარმოდგენისთვის, დღევანდელი მაჩვენებელი მინდა შევადარო 2012 წელს და ამ წელს მე ვიღებ არა როგორც პოლიტიკურ წელს, არამედ იმიტომ, რომ სწორედ 2012-ში დაფიქსირდა აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მხოლოდ რეგისტრირებული იყო 40 000 აბორტი.

სხვადასხა პროგრამის განხორციელების წყალობით, დღესდღეობით, ქვეყანაში 15 000-ით არის შემცირებული აბორტების რიცხვი და დადებითი ტენდენცია გრძელდება,” – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე სასარგებლო, საზოგადო პროგრამას, მათ შორის, მშობიარობის დაფინანსებასაც, რომელმაც ამოქმედებიდან დღემდე 300 000 მშობიარობა დააფინანსა.

“გუშინ [გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე] სხვადასხვა დაინტერესებული პირებისგან გაჟღერდა ინიციატივა, რომ თითქოს ქვეყანაში აბორტი უნდა აიკრძალოს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, როცა პოტენციური დედა, ოჯახი უნდა მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში აბორტის აკრძალვა საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის.

საუკეთესო გამოსავალი არის, რომ ჩვენ შევქმნათ პირობა, სადაც პოტენციური დედა ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ არაერთი პროგრამა, მათ შორის, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსება, რომელიც 6 კრიზისულ რეგიონში მოქმედებს, სადაც სიკვდილობა ჭარბობს შობადობას, “მთის კანონი”, სადაც პრიველ და მეორე ბავშვზეც ვრცელდება მსგავსი  დახმარება,” – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე განმარტებით, გარდა დაფინანსებისა, სახელმწიფოს მიერ გატარებულ პროგრამებსა და ცვლილებებს შორის მნიშვნელოვანია შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ კანონიც. ხუნდაძე განმარტავს, რომ ეს პოგრამები საშუალებას აძლევს ბავშვებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ რჩებიან ბიოლოგიურ ოჯახში, უკეთეს პირობებში განაგრძონ განვითარება.

“ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად ბავშვთა სიღარიბე რჩება, რომელიც ყველა ხელისუფლებსითვის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს, რისთვისაც ამ დროისთვის ბევრი პროგრამა განხორციელდა, მაგალითად, იგივე ბავშვიანი სოცდაუცველთა ოჯახების დაფინანსება. ყველაზე მთავარი მიზანი და საზრუნავი უნდა იქნას მიღწეული და ჩვენ შევქმნათ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება,” – ამბობს ხუნდაძე.

ბოლო დროს აბორტის აკრძალვაზე არაერთი მხარე, მათ შორის, საპატრიაქრო და პარლამენტარებიც საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ, საპატრიარქომ მოითხოვა, რომ ჩანასახს “სამოქალაქო სტატუსი” მიენიჭოს, გუშინ, კი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც მმკ-ც ესწრებოდა, ალექსანდრე ერქვანია და კობა დავითაშვილი აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდნენ.

ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვაზე აბორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი