ახალი ამბები

ახალი კვლევა წითელა-წითურა-ყბაყურის აცრასა და აუტიზმს შორის კავშირს გამორიცხავს

5 მარტი, 2019 • 2261
ახალი კვლევა წითელა-წითურა-ყბაყურის აცრასა და აუტიზმს შორის კავშირს გამორიცხავს

ახალი კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები დანიაში 1999 და 2010 წელს დაბადებული  657 461 ბავშვის მონაცემებს სწავლობდნენ, წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი არ დადგინდა.

როგორც ფორბსი წერს,  კვლევის განმავლობაში შესწავლილი 657 461  ბავშვიდან აუტიზმი 6 517-ს  განუვითარდა, თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აუტიზმის განვითარებას არაფერი ჰქონდა საერთო წითელა-წითურა-ყბაყურის აცრასთან. გარდა ამისა, აუტიზმის განვითარების რისკი არ შეცვლილა ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ბავშვებს შორის.

“კვლევა ცალსახად მხარს უჭერს აზრს, რომ ვაქცინაცია აუტიზმის განვითარების რისკს არ ზრდის და არც მის პროვოცირებას ახდენს” – წერია კვლევაში.

იდენტური კვლევა 2002 წელსაც ჩაატარეს, მაშინ იმავე მიზეზით 537 303 ბავშვს აკვირდებოდნენ.

როგორც ფორბსი წერს, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო კვლევები გამორიცხავს კავშირს ვაქცინაციასა და აუტიზმის განვითარებას შორის, ადამიანთა მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ არ სჯერა აღნიშნულის. გამოცემა ვაქცინის მოწინააღმდეგეებს ადარებს იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა არანაირ სამეცნიერო მტკიცებულებას.

“ბრტყელი დედამიწის იდეის მომხრეებისგან განსხვავებით, ვაქცინის მოწინააღმდეგეები საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის”, – წერს ფორბსი და მაგალითად მოჰყავს ფილიპინები, სადაც წითელას ეპიდემია მძვინავრებს, შედეგად კი დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი. ამის მიზეზი კი მოსახლეობის მიერ აცრებზე მასობრივად უარის თქმა არის. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობა 2019 წელს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის 10 ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს შორის დაასახელა.

სრულად კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი