ახალი ამბები

პროკურატურა ჩვენებიდან ამონარიდს ავრცელებს- რა ინფორმაცია მიაწოდა ხაზარაძემ მუქარაზე

4 მარტი, 2019 • 1426
პროკურატურა ჩვენებიდან ამონარიდს ავრცელებს- რა ინფორმაცია მიაწოდა ხაზარაძემ მუქარაზე

საქართველოს პროკურატურამ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ამონარიდი გაავრცელა 4 მარტს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მუქარის წერილი მიიღო შს მინისტრ გიორგი გახარიასგან.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ამონარიდით დასტურდება, რომ ხაზარაძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას მუქარის შესახებ:

„ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ, ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ასე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება, ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება, მე ამ წერილს გავასაჯაროებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ასეთი სიტყვებით“, – ესაა ამონარიდი ხაზარაძის ჩვენებიდან პროკურატურის მიხედვით.

პროკურატურა ამ ამონარიდის გავრცელების გარდა წერს, რომ  “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება”.

4 მარტს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მუქარის წერილზე ისაუბრა, რომელიც მისი განცხადებით შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა. “ოცნების” დეპუტატის კითხვაზე, თუ ასეთი მუქარა იყო, რატომ არ მიმართა გამოძიებას, ხაზარაძემ  განაცხადა, რომ მან მუქარის შესახებ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ამის შემდეგ  არც მოსამართლეს და არც პროკურორებს მისთვის კითხვა არ დაუსვამთ:

“საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ ჩემს დაკითხვის ოქმში ვთქვი. ამის მერე არც მოსამართლემ და არც სამმა პროკურაორმა კითხვაც კი არ დამისვეს. მე ვუთხარი, რომ ჩვენზე არის მუქარა, შემოტევა, და ეს არის ჩაწერილი. არავინ არათუ დაინტერესდა და საქმე აღძრა, 9 იანვარს გააკეთეს საშინელი განცხადება, რომელმაც პირველი 90 მილიონის ზარალი მიაყენა ჩვენს ინვესტორებს. ამიტომ, კითხვაზე, განვაცხადე თუ არა პროკურატურაში, ზუსტად ისე განვაცხადე, როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე განაცხადებდა. რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს, თუ საიდუმლო გრიფი არ აქვს?”

სწორედ ამ განცხადების შემდეგ გაავრცელა განცხადება პროკურატურამ. ხაზარაძის მიერ  მიცემული ჩვენების პროკურატურის მიერ გავრცელებულ ამონარიდში გახარია ნახსენები არ არის, თუმცა პროკურატურის განცხადებაში არც იმაზეა საუბარი, თუ რა მსვლელობა მისცა გამოძიებამ ჩვენებას მუქარის შესახებ. ჰკითხა თუ არა ხაზარაძეს, ვისგან იყო მუქარა და დაიწყო თუ არა გამოძიება შესაძლო მუქარის ფაქტზე.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი