ახალი ამბები

ხატია ახალაია მენსტრუაციაზე ვიდეოს აანონსებს, მის მიმართ მუქარები გრძელდება

4 მარტი, 2019 • 4724
ხატია ახალაია მენსტრუაციაზე ვიდეოს აანონსებს, მის მიმართ მუქარები გრძელდება

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების ავტორი, ხატია ახალაია სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აანონსებს. ახალაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებულ მუქარებზე შსს-მ საქმე აღძრა, ისინი არ წყდება.

“რასაკვირველია, მეტსაც გეტყვით, საერთო არ განელებულა მუქარები იმის შემდეგ, რაც ჩემს წინააღმდეგ საქმე აღიძრა. მოიმატა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ოდენობა და სახეობა მუქარების სტაბილურად იგივეა. იწერებიან ჩემს პირად მეილზე, ფეისბუკგვერდზე – მოკლედ, ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ. ჩვენ პერიოდულად მუქარების სქრინებს ვუგზავნით გამომძიებელს.

თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრით, გამოძიება ძალიან ჭიანურდება. ამჟამად იბარებენ ადამიანებს გამოკითხვაზე, რის შემდგომაც კი წაუყენებენ ბრალს, რამდენადაც მე ვიცი. სულ ამ საქმეში 30 ადამიანი ფიგურირებს, მათ შორის 8 უცხოეთიდან პოსტავდა მუქარის შემცველ კომენტარებს, უმეტესობა კი რეგიონებიდანაა,” – ამბობს ხატია ახალაია.

რაც შეეხება ახალ ვიდეოს, მისი თემატიკა მენსტრუაციას ეხება. ახალაია დასძენს, რომ დღესდღეობით მენსტრუაცია ტაბუირებული თემაა, რის გამოც მოზარდების ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმშია.

“ჩვენ ვალდებული ვართ იმ ადამიანების, მოზარდების წინაშე, ვინც ინფორმაციულ ვაკუუმშია. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი სტიგმა და ტაბუ არსებობს მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით.  გოგოებისთვის მენსტრუალური პერიოდი სირცხვილთან ასოცირდება, თითქოს ეს უწმინდურია და ა.შ.  ჩვენ გვინდა, რომ ამ სტიგმას დავუპირისპირდეთ,” – განაცხადა მან.

ხატია ახალაია ორგანიზაცია “განათლებისა და შრომის ასოციაციის” წევრია და ფეისბუკში სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილებს აქვეყნებს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ ვიდეოების გამო ემუქრებიან და სახლიდან ვერ გადის.

ხატია ახალაიას უფლებებს ადამიანის უფლებათა სახლის იურისტი იცავს.

ხატია ახალაიას შესაძლო მუქარაზე პოლიცია დღეს გაესაუბრება

მასალების გადაბეჭდვის წესი