ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, სანამ “თიბისის საქმე” არ გაირკვევა, ანაკლიის პორტი არ აშენდება

4 მარტი, 2019 • 1501
ხაზარაძის თქმით, სანამ “თიბისის საქმე” არ გაირკვევა, ანაკლიის პორტი არ აშენდება

თიბისი ბანკისა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თანახმად, მანამ, სანამ “თიბისი ბანკის საქმეს” ნათელი არ მოეფინება, ანაკლიის პორტის პროექტი ვერ განხორციელდება.

“არ არის მარტივი კონფლიქტის ზონიდან 4 კილომეტრში 600 მლნ დოლარის მობილიზება”, – განაცხადა ხაზარაძემ.

“დამოკიდებულება, რაც რანდენიმე თანამდებობის პირისგან მოვისმინე, რომ მე თურმე დაქირავებული მენეჯერი ვარ და “ანაკლია” სახელმწიფოსია… რა თქმა უნდა, კონტრაქტი იმას გულისხმობს, რომ 50 წლის შემდეგ ანაკლია, — იმედია, უკვე 100 მილიონ-ტონიანი ანაკლია — დაუბრუნდება სახელმწიფოს 100%-იან მფლობელობაში. ეს არის სახელმწიფოსთან ხელშეკრულება. მაგრამ არანაირი პრეტენზია არა მაქვს, არც მიფიქრია, რომ ჩემი, ბადრის ან ჩემი ჯგუფის სახელი [დაერქვას პროექტს]. ეს არის სახელმწიფო პროექტი, თითოეული ჩვენგანის პროექტი”, – თქვა ხაზარაძემ 4 მარტს საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე.

“ჩვენ ამ მდგომარეობაში ამ დოკუმენტებს ხელს ვერ მოვაწერთ. ეს ძალიან მკაფიოდ დაადასტურეს ევრობანკის წარმომადგენლებმა, რომლებიც შეხვდნენ ჩვენს მთავრობას და უთხრეს, რომ ან ნათელი მოჰფინეთ ამ საქმეს… მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა მოხდა”, – განაცხადა ხაზარაძემ.


  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი  საზღვაო პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ახორციელებს  – სამთავრობო კომისიამ ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 5 თებერვალს მიიღო.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს“ , რომლის დამფუძნებელიც არის მამუკა ხაზარაძე, და  ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International” -ს.
  • პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდი დოლარია. მშენებლობა 9 ფაზად იყოფა და, საბოლოო ჯამში, პორტის გამტარუნარიანობამ წელიწადში 100 მლნ. ტონას უნდა მიაღწიოს. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წლისათვის უნდა ამოქმედდეს და პორტმა გემები უნდა მიიღოს.
  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.
  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეულ ტერმინალის ოპერატორთან, SSA Marine-თან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცა.

ნახეთ ასევე:

ხაზარაძე ანაკლიაზე: თუ ამოცანა ისაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, გვითხარით

მასალების გადაბეჭდვის წესი