ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, ივანიშვილმა “პროგრეს ბანკის” ყიდვა სთხოვა

4 მარტი, 2019 • 1334
ხაზარაძის თქმით, ივანიშვილმა “პროგრეს ბანკის” ყიდვა სთხოვა

თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას “პროგრეს ბანკის” ყიდვა სთხოვა. ამის შესახებ ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, თხოვნა ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე გაახმიანა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა. შეხვედრა ბანკ “რესპუბლიკასთან” დაკავშირებით შედგა.

თიბისის დამფუძნებელი ამბობს, რომ როცა “რესპუბლიკის” მფლობელმა, “სოსიეტე ჟენერალმა”, საქართველოდან გასვლა გადაწყვიტა, ფრანგული საფინანსო კომპანიის გენერალურ დირექტორს პარიზში შეხვდა და “რესპუბლიკის” ყიდვასთან დაკავშირებით მოელაპარაკა. ხაზარაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა, “სამწუხაროდ, გააჩერა ეს გარიგება”, რის შემდეგაც ბანკის აქციების ყიდვის სურვილი ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ გამოთქვა.

მამუკა ხაზარაძის მონათხრობის მიხედვით, სწორედ ამის შემდეგ შედგა შეხვედრა ივანიშვილთან და ქუმსიშვილთან, სადაც “პროგრეს ბანკის” საკითხიც გახმიანდა.

“მოხდა ჩემი შეხვედრა ბატონ ბიძინასთან და ქუმსიშვილთან მიმდინარე საკითხებზე და იქ, უბრალოდ, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი, რომ რატომ ქართველებს არ გვეძლევა საშუალება, რომ გავფართოვდეთ და ვიყიდოთ[ბანკი “რესპუბლიკა”]. ბატონმა ბიძინამ დაადასტურა, რომ კი, მეც ასე ვფიქრობ, რომ ასეთმა წარმატებულმა ბანკმა უნდა გააკეთოს ეს გარიგებაო და, უბრალოდ, საუბარში წამოვიდა, იქნებ “პროგრეს ბანკიც” გეყიდათო.

მე ვიცოდი, რომ ძალიან პატარაა ეს ბანკი, რომ არაფერი ამაში განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ მალე მივიღეთ თანხმობა ეროვნული ბანკიდან, შევედით “პროგრეს ბანკში” აუდიტით და, საბოლოო ჯამში, ჩვენ “პროგრეს ბანკი” არ გვიყიდია. ვიყიდეთ მხოლოდ ჯანმრთელი აქტივები და ამის შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ მოხდა “პროგრეს ბანკის” დახურვა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნია”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

“თიბისი ბანკმა” “სოსიეტე ჟენერალისგან” ბანკ “რესპუბლიკის” 93.64%  2016 წელს, 315 მილიონ ლარად იყიდა. მაშინ “თიბისის” ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ აღნიშნული თანხის 70%-ს გადაიხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილ 30%-ს – ახლად გამოშვებული აქციებით, რის შედეგადაც “სოსიეტე ჟენერალი” “თიბისი ბანკის” 5.4%-იანი წილის მფლობელი გახდებოდა.

2016 წლის სექტემბერში, როცა “თიბისიმ” იყიდა ბანკი “რესპუბლიკა”, ბიძინა ივანიშვილი არანაირ ფორმალურ თანამდებობას არ იკავებდა.

რაც შეეხება “პროგრეს” ბანკს: აღნიშნული ინსტიტუცია 2007 წელს თბილისის ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ დააფუძნა.  ბანკს კალაძე და მისი გარემოცვა 2016 წლის სექტემბრამდე მართავდა. ამავე წლის სექტემბერში “პროგრეს ბანკის” აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი “თიბისი ბანკის” ხელში გადავიდა – იმავე თვეში, როცა “თიბისიმ” შეიძინა ბანკ “რესპუბლიკის” აქციები.

2016 წლის ოქტომბერში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, “პროგრეს ბანკს” ლიცენზია გაუუქმდა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაიქმნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი