ახალი ამბები

სერგი კაპანაძე ხაზარაძეზე გახარიას შესაძლო მუქარის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

4 მარტი, 2019 • 1253
სერგი კაპანაძე ხაზარაძეზე გახარიას შესაძლო მუქარის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მან შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

“ბიძინას [ივანიშვილი] გასაოცარ დემოკრატიაში ყველაზე დიდი ბანკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აშანტაჟებდა არჩევნების მეორე ტურის წინ. ასევე ამბობს, რომ სახელმწიფომ კაბალური ხელშეკრულება დაადებინა 2016 წელს. ამ თემაზე სასწრაფოდ არის შესაქმნელი პარლამენტის საგამოძებო კომისია”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 2018 წლის ივლისიდან, სხვადასხვა პერიოდში, კომერციულ ბანკში შევიდა შემოსავლების სამსახური, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა და ეროვნული ბანკი.

როგორც ხაზარაძე ირმწუნება, ამ უწყებებს სურდათ 2008 წლის ტრანზაქციის შესწავლა და ბანკიდან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება. “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის თქმით, ამ უწყებების შემოსვლას დაემთხვა ბანკზე კიბერთავდასხმა.

“კანონმდებლობით, საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება, შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელზე მეტის არის. ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის მანძილზე არ გვქონია. ამის გათვალისწინებით ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დასამალი არაფერია და მივეცით ჩვენს ხელს არსებული ყველა დოკუმენტი. “თიბისი ბანკი” გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენს ბანკში 400 ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ არა მარტო დავიჭირეთ ამ კიბერ- შეტევის სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერს, ოთახს. ეს ინფორმაცია შსს-ს მივაწოდეთ. ამის შემდეგ 5 წერილი მივწერე მინისტრს, თუ რა ეტაპზე იყო გამოძიება. წინა კვირას მივიღეთ გამომძიებლის წერილი, თითქოს კომპიუტერი ამოღებულია და ექსპერტიზაზეა წაღებული. ჩვენ ვიცით, რომ კიბერ-შეტევის ავტორები თბილისში, ცენტრალურ გამზირზე სხედან. ეს არის, სავარაუდოდ, ის ოფისები, საიდანაც ე.წ ბოტები იმართება”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი