ახალი ამბები

გახარიასგან მუქარის წერილი მივიღეთ – მამუკა ხაზარაძე

4 მარტი, 2019 • 2640
გახარიასგან მუქარის წერილი მივიღეთ – მამუკა ხაზარაძე

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღეს.

მისი თქმით,  2018 წლის ივლისიდან მოყოლებული, სხვადასხვა პერიოდში, კომერციულ ბანკში შევიდა შემოსავლების სამსახური, ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა და ეროვნული ბანკი.

როგორც ხაზარაძე ირმწუნება, ამ უწყებებს სურდათ 2008 წლის ტრანზაქციის შესწავლა და ბანკიდან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება. “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის თქმით, ამ უწყებების შესვლას დაემთხვა ბანკზე კიბერ-თავდასხმა.

“კანონმდებლობით, საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება, შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელზე მეტის არის. ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის მანძილზე არ გვქონია. ამის გათვალისწინებით ჩვენ ჩავთვალეთ, რომ დასამალი არაფერია და მივეცით ჩვენს ხელს არსებული ყველა დოკუმენტი. “თიბისი ბანკი” გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ინოვაციებით და ჩვენს ბანკში 400 ახალგაზრდა მუშაობს, რომელიც ფოკუსირებულია საინფორმაციო უზრუნველყოფასა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ არა მარტო დავიჭირეთ ამ კიბერ- შეტევის სიგნალი, არამედ მივაგენით მისამართს, კომპიუტერს, ოთახს. ეს ინფორმაცია შსს-ს მივაწოდეთ. ამის შემდეგ 5 წერილი მივწერე მინისტრს, თუ რა ეტაპზე იყო გამოძიება. წინა კვირას მივიღეთ გამომძიებლის წერილი, თითქოს კომპიუტერი ამოღებულია და ექსპერტიზაზეა წაღებული. ჩვენ ვიცით, რომ კიბერ-შეტევის ავტორები თბილისში, ცენტრალურ გამზირზე სხედან. ეს არის, სავარაუდოდ, ის ოფისები, საიდანაც ე.წ ბოტები იმართება”, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა,  მამუკა ხაზარაძემ  და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებიც ეროვნული ბანკის მოთხოვნით გადადგნენ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან, 4 მარტს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დასვეს.

პარლამენტში ბიზნესმენებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.  რამდენიმე დღის წინ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკიური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის უნდა მოესმინათ, “ოცნებამ” ჩაშალა.


მანამდე “რუსთავი2”-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ივანიშვილის დავალებით შეხვდა და მათ თიბისი ბანკის წილების დათმობა მოსთხოვა. თებერვალში თავიანთ საჯარო განცხადებებში ეს ინფორმაცია უარყყვეს როგორც ბადრი ჯაფარიძემ, ისე გიორგი გახარიამ.

გახარია არ ადასტურებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს წილების დათმობას სთხოვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი