კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერია და დიმიტრი ცქიტიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს უსმენენ.

კამათი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილსა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ გიგა ბოკერიას შორის სხდომის დახურვის საკითხმა გამოიწვია, რაც საპარლამენტო უმცირესობისა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

“წესიერად მოიქეცი, პარლამენტში ხარ თუ ქუჩაში”, – მიმართა ცქიტიშვილმა ბოკერიას.

“ელემენტარულ ზრდილობაზეა ლაპარაკი, მოქცევაზე, მანერაზე, ძველბიჭური მანერების შემოტანაზე საპარლამენტო ფორმატში… მოსმენის კულტურაც არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციას აქვს ასეთი დამოკიდებულება. ცდილობენ, პროვოკაცია მოაწყონ. დღესაც ბატონი გიგას პროვოკაცია ვნახეთ, რომელიც გამოსული იყო წყობიდან”, – განაცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოხდა სხდომის დახურვის მიზნით გამოცხადებულ ტექნიკურ შესვენებაზე.

მისივე თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა.

გიგა ბოკერიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ როცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კამათისას არგუმენტები არ აქვთ, თავშეკავებას კარგავენ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს უსმენენ, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა შემდეგ თემებთან დაკავშირებით იმართება: ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, SGS, აბაშიძე-კარასინის ფორმატი.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.