კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს

მსოფლიო სამართლის პროექტმა (WJP) 2019 წლის კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა. რეიტინგი, რომელიც 120 000 საოჯახო მეურნეობისა და 3 800 ექსპერტულ გამოკვლევას ეფუძნება, კანონის უზენაესობის კუთხით მსოფლიოს 126 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ასახავს.

კანონის უზენაესობის გლობალური ინდექსის ქულები და რეიტინგი შედგება რვა კომპონენტისგან:  მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, სარეგულაციო აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.

ინდექსის თანახმად, საუკეთესო შედეგის მქონე სამეულს წარმოადგენენ ნორდიკული ქვეყნები: ნორვეგია, დანია და ფინეთი. კანონის უზენაესობის კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ვენესუალაში, კამბოჯასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, ის 0.61 ქულით რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს. წინა, 2017-18 კვლევასთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 5 ადგილით გაუარესდა, თუმცა ისე, რომ მისი ქულა არ შეცვლილა. ინდექსში საქართველოს პოზიციის ცვლილება ქვყენების რაოდენობის ზრდით არის გამოწვეული (2017-18 წლების კვლევა 113 ქვეყანას მოიცავდა).

საქართველოს მოწინავე პოზიცია უკავია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას და დაბალი ან საშუალო შემოსავლის მქონე 30 ქვეყანას შორის.

საქართველოს პოზიციები ინდექსის შემადგენელი 8 კომპონენტის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა – 53-ე ადგილი;
  2. კორუფციის არარსებობა – 24-ე ადგილი;
  3. ღია მმართველობა – 39;
  4. ფუნდამენტური უფლებები – 48-ე;
  5. წესრიგი და უსაფრთხოება – 36-ე;
  6. სარეგულაციო აღსრულება – 42-ე;
  7. სამოქალაქო მართლმსაჯულება – 62-ე;
  8. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – 46-ე.

როგორც ხედავთ, საქართველოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი სამოქალაქო მართლმსაჯულების სფეროში აქვს, სადაც ისეთ ქვეყნებს ჩამორჩება, როგორიცაა ირანი, ჩინეთი, მონღოლეთი და სხვა.

 

სრული ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი