ახალი ამბები

ტაქსის გადაღებვის შემდეგ, სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლით – შსს

2 მარტი, 2019 • 1466
ტაქსის გადაღებვის შემდეგ, სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შსს-ს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ.

სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ ავტომობილის ფერის შეცვლის შემდეგ, მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს:

  • მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ტაქსის ლიცენზია;

უწყების ინფორმაციით, ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრში შეუძლიათ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით – ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოს Facebook გვერდზე.

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, 1-ლი მარტიდან ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი – მანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია დაიწყება.

“პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა. ერთი არის მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა მანქანა გარედან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება”, – განაცხადა კალაძემ 28 თებერვლის დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება, რომ ყველა ლიცენზირებული ტაქსის მანქანა თეთრი ფერის იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი