ახალი ამბები

“ოცნების” ჩატი, სადაც მესიჯებს ანონიმური პირი აგზავნიდა – კვაჭანტირაძის მონათხრობი

1 მარტი, 2019 • 3793
“ოცნების” ჩატი, სადაც მესიჯებს ანონიმური პირი აგზავნიდა – კვაჭანტირაძის მონათხრობი

მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, TV პირველის ეთერში იმ დახურულ ჩატზე ისაუბრა, სადაც უმრავლესობის წევრები იყვნენ გაერთიანებულნი. კვაჭანტირაძის თქმით, ჩატში მოდიოდა მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომელთა ავტორი მისთვის დღემდე უცნობია.

“ჩვენთან ეს პრაქტიკა დაინერგა 2016 წლიდან, ამ პარლამენტში. ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა იმაზე ჩიოდა, რომ პრაქტიკულად, ჩვენ ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში. ფრაქციის სხდომა საერთოდ არ მახსოვს, როდის ჩატარდა. უმრავლესობის სხდომები ტარდებოდა ხოლმე, როცა უკიდურესი აუცილებლობა იყო. სხვა მხრივ, ძირითადად, მესიჯები მოდიოდა და დღემდე არ ვიცი, ვინ წერს ამ მესიჯებს”, – აღნიშნა მან. წამყვანების დამატებითი კითხვების საპასუხოდ კვაჭანტირაძემ დაამატა:

“მესიჯი მოდის, რომელსაც ვინ წერს, არ იცის არავინ. ის არის აპლიკაციაში ჩატი, რომელსაც იღებ მესიჯებს. ჩატს ჰქვია კონკრეტული სახელი, არა ფიზიკური პირის”.

მანამდე, სასამართლო სისტემაზე საუბრისას, კვაჭანტირაძემ კვლავ ახსენა იქ “კლანის” არსებობა და აღნიშნა:

“მე ეჭვი მაქვს, რომ ის მესიჯები, რომლებსაც ვიღებდით, იწერებოდა იუსტიციის საბჭოში”.

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე -ფრაქცია. დეპუტატმა უმრავლესობის და ფრაქციის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება მედიისთვის აზერბაიჯანში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ამავე თემაზე

უსუფაშვილი არასდროს იკადრებდა კოლეგების შეურაცხყოფას – კვაჭანტირაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი