ახალი ამბებისაზოგადოება

“ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს” – რატომ სურთ ლგბტ ადამიანებს პრაიდი თბილისში

1 მარტი, 2019 • 9609
“ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს” – რატომ სურთ ლგბტ ადამიანებს პრაიდი თბილისში

18-23 ივნისს თბილისში ლგბტქი პრაიდის კვირეული პირველად გაიმართება. ღონისძიებები უკვე დაანონსდა.

თბილისის პრაიდის ფეისბუქ-გვერდზე დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს ქვიარ თემის არაერთი წარმომადგენლის გზავნილი განთავსდა. მათ შორის არიან ისინი, ვინც სხვადასხვა დროს იძულებული გახდნენ, მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო შექმნილი პრობლემების ფონზე ქვეყანა დაეტოვებინათ.

“ნეტგაზეთი” რამდენიმე მოსაზრებას გთავაზობთ.

ნიქო გორგილაძე – “როცა წლების წინ, პირველად ვნახე ფილმი “Pride” (რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გაერთიანება სოლიდარობის იდეის ირგვლივ, განურჩევლად განსხვავებებისა, რადგან ფილმში ნაჩვენებია 1984 წლის მოვლენები, კერძოდ, ერთი მხრივ, ლონდონელი გეებისა და ლესბოსელების მხარდაჭერა უელსის გაფიცულ მეშახტეთა ოჯახებისადმი და, მეორე მხრივ, ამ უკანასკნელთა საპასუხო სოლიდარობა ჰომოსექსუალთა მიმართ), ფეისბუკზე გაზიარებულ ლინკს წავაწერე: “ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!” მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წელიწადში ეს იდეა ხორცს შეისხამდა ჩემსავე სამშობლოში, რომელიც არსებული ჰომოფობიური გარემოს გამო რამდენიმე თვის წინ იძულებით დავტოვე!
მხარს ვუჭერ მამაცი ქართველი ქვიარების წამოწყებას და ვიმედოვნებ, სახელმწიფო უზრუნველყოფს თბილისის პრაიდის მშვიდად ჩატარებას! დროა ქართული საზოგადოება შეეგუოს, რომ ქართველი ქვიარები არსებობენ, რომ ეგ ქვეყანა ჩვენიცაა და არიან ადამიანები, რომლებიც მიუხედავად არსებული მძიმე ჰომოფობიური ატმოსფეროსი, არ აპირებენ საქართველოს დატოვებას, შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებითა და შესაძლებლობით!

სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან?️‍??


ცაბუნია ვართაგავა – “ამ ფოტოზე Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის გვერდით ვდგავარ. მიუხედავად იმისა, რომ მე და გიორგი დიდი ხნის თანამშრომლები ვიყავით, ამ დღემ რაღაცნაირად დაგვაახლოვა და ბევრ რამეს მიმახვედრა. თუმცა ახლა აქ ამ თემას არ გავშლი. 

აქტივიზმი 2010 წლიდან დავიწყე პატარ-პატარა ნაბიჯებით. ჯერ იყო და იმ დროისთვის ერთადერთ ლგბტ ორგანიზაცია “ინკლუზივში” მივედი თემის წევრებისგან ინტერვიუს ასაღებად. ( პირველად “ცოცხალი გეი” და “ცოცხალი ტრანსი” რომ ვნახე ?)მერე უნივერსიტეტში თუ სამეგობროში დიდხანს ვკამათობდი ლგბტ საკითხებზე.

2013 წლის 17 მაისს ჭინჭრით დასუსხული და გაბრაზებული რომ მივედი სახლში, დავწერე, რომ ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი გაბრაზება, ყველას ქუჩაში გამოსვლა და მასობრივი ქამინგ აუთი იყო. როგორც ჩანს, ბოლომდე ვერასდროს გავბრაზდით.

დღემდე რა ნერვების გლეჯვად მიჯდება თითოეული საჯარო გამოსვლა, ვერასდროს აღვწერ, რამხელა სტრესია ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის ლგბტ საკითხზე დაწერილი სტატუსების გამოხმაურებები. ოდესღაც საკუთარ თავს შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი და ჩემს წილ აგურს დავდებდი ჰომოფობიასთან ბრძოლაში. ხანდახან მგონია, რომ ძალა აღარ მეყოფა, აგრესიის შემდეგ ტალღას გავუძლო და ამ დროს მესიჯ რექვესთებში ყოველთვის ვპოულობ მოტივაციისთვის სადღაც, რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან მოწერილ მესიჯს, რომ მადლობელია ასე ხმამაღლა და თამამად მის უფლებებზე საუბრის გამო, რომ ვერასდროს გაბედავდა თავად ეთქვა ეს, რომ სადღაც ტელევიზორში მნახა, ან ფეისბუქზე ნახა სტატუსი და იმედი გაუჩნდა… იმედი, რომ სადღაც ვიღაც არსებობს, ვინც არ ჩერდება და ხმამაღლა ამბობს სათქმელს.
პრაიდიც სწორედ ესაა. რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა სოფლებსა და ქალაქებში, რომ ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ გვაქვს ღირსება, ჩვენ არ გავჩერდებით, ყოველთვის ვიდგებით ერთმანეთის გვერდით და მართლაც მთებს გადავდგამთ, თუ მოვინდომეთ. მთავარია, ჩვენ თვითონ ვიწამოთ ამის!
არ აქვს მნიშვნელობა, ლგბტ თემის წევრი ხარ თუ არა. თუ გჯერა, რომ ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანია, შენი ადგილი ჩვენს გვერდითაა!


მონიკა თიგიშვილი – “როდესაც საქართველოდან ტრანსფობიას თავს აღწევ, როდესაც აღარ გეშინია, როდესაც რეალური შანსი გაქვს საკუთარი თავის რეალიზების, როგორც ქალს, როდესაც ქუჩაში არავინ დაგცინის იმის გამო, რომ ტრანსგენდერი ქალი ხარ. დროა საზღვრებს გარეთ მყოფი ლგბტ საზოგადოება და საქართველოში მყოფი თემის წევრები გავერთიანდეთ ერთი მიზნისთვის! დროა დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ღირსეული მომავლისთვის!”



ემზო კვარაცხელია
– “პრაიდი ჩემთვის ერთიანობის, საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას ნიშნავს! ერთად დგომას, ერთად ბრძოლას, ისე როგორც იყო ყველგან, სადაც დაიწყეს ქვიარებმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა!

იგივე მინდა დავინახო საქართველოშიც! მინდა, რომ ვგრძნობდეთ ერთმანეთის მაჯის ცემას და როცა ჩემი მეგობრების ერთი ნაწილი ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე საკუთარი სიცოცხლის ფასად წავა, არ მინდა მეორე ნაწილმა სახლებიდან უცქიროს!

ყოველთვის, როცა ვამბობთ: მოგვკლავენ, ჩაგვქოლავენ, გადაგვივლიან, მართლები ხართ! გადაგვივლიან და ცოცხლადაც გაგვატყავებენ, ნება რომ მისცე, იმიტომ, რომ ჩვენს რეალურ ძალას არ ვანახებთ! არავის დაუთვლია, არავის გაუზომავს, რამდენი ქვიარი ცხოვრობს საქართველოში, იმაზე ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია! პლუს ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ და დადგებიან მომავალში!

განვმეორდები და ვიტყვი, არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ, როგორ და რა ფორმით ეცდებიან ჩვენს შეურაცხყოფას, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ მართლები ვართ და ჩვენს სიმართლეში ეჭვი არასდროს უნდა შეგვეპაროს!

მიყვარხართ და მეამაყებით თითოეული მათგანი, ვინც მანდ ჩემს სათქმელსაც ამბობს 

ჩემი ძალიან დიდი მხარდაჭერა Tbilisi Pride-ს”.


ნია ნებიერიძე –  “ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა თბილისში პრაიდის ჩატარებას, რასაც მინდა, გამოვეხმაურო.

ვთვლი, რომ ის აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ქართული თემი იმსახურებს იმას, რომ ამაყად და შიშის გარეშე იარონ ქუჩაში და ის, ვინც ამბობს, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა, მინდა ერთი რამ ვუთხრა – არ არსებობს სწორი დრო, და საკუთარ თავისუფლებას სხვას არ უნდა ვთხოვდეთ, ესაა სწორედ მონობის პირველი ფორმა…

მგონია, ეს დღე მინიმუმ ისტორიული მაინც იქნება, თუ შედეგს არ გამოიღებს, არაფერს პოზიტიურს, ხომ გაგიგიათ, ტყუილად ჯდომას ტყუილად შრომა სჯობსო…

მგონია პრაიდი არა მხოლოდ თემს სჭირდება, არამედ მთელ საქართველოს, რადგანაც როდესაც დავკარგავთ იმის უფლებას, ვიყოთ ერთმანეთისაგან განსხვავებული, სწორედ მაშინ დავკარგავთ უნარს, ვიყოთ თავისუფლები. როდესაც რუხ მასას დავემგვანებით, სწორედ მაშინ დაიწყება დაღმასვლა, კულტურული დეკადენსი და ის, რომ სახელმწიფო დეგრადირდება, რადგანაც ადამიანს ყველაზე ძვირფასი რაც შეგიძლია წაართვა, ეს სწორედ თავისუფლებაა.

პრაიდი ჩემთვის ასოცირდება თავისუფლებისათვის ბრძოლაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ თემის წევრი ვარ, არამედ გქონდეს უფლება, იყო საკუთარი თავი და ამაყობდე მისით. ნებისმიერი თავისუფალი ადამიანის უფლება ასევე პრივილეგიაა და ნებისმიერ ადამიანს ჰქონია ცხოვრებაში ერთხელ მაინც ცხოვრებისეული მდგომარეობა, როდესაც ეს პრივილეგია დაგვიკარგავს და მისთვის ბრძოლა გვიწევდა…

მე მხარს ვუჭერ Tbilisi Pride-ს!  


მირანდა ოკუჯავა – “მე საქართველოდან წამოვედი! იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ დამიტოვეს! ვერ გამოვდიოდი ქუჩაში, ვერ ვსაქმდებოდი, ვერ ვვითარდებოდი, ვერ ვცხოვრობდი, მხოლოდ არსებობის უფლებას მაძლევდნენ, სახლში, ჩუმად ყველასგან დამალულად!

“ცხოვრების” შესაძლებლობა აქ, საქართველოდან ძალიან შორს, ბელგიაში მომეცა! ყველაზე კარგ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ისე მომექცეოდნენ, როგორც ადამიანს! თუ ოდესმე თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, “ნორმალურად” ვიგრძნობდი. ამ მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ!

საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მესმოდა: “გარეთ ნუ გამოვლენ და სახლში რაც უნდა ის აკეთონ” – ჰოდა, მეც დავიჯერე, რომ ისინი მართლები იყვნენ, რომ ჩემი დანახვით ვიღაცას შეიძლება რაღაც დაუშავდეს. ვიცი, ძალიან ბევრი ცხოვრობს საქართველოში ასე, ჩემი ქვიარ დები.

დებო, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ჩვენ არ უნდა დავიმალოთ, ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს, ჩვენ არ ვართ ცუდები და მათ არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ეს დაგვაჯერონ!”


მარი ალექსანდრია – “ჯერ კიდევ ბავშვობაში ვგრძნობდი, რომ სხვებისგან გამოვირჩეოდი. ბიჭებთან უფრო დიდ დროს ვატარებდი და დედა ყოველთვის მეჩხუბებოდა რომ ‘ქალურად’ მევლო. სწორედ აქედან გაჩნდა ჩემში შინაგანი პროტესტი და საკუთარი თავის ძიება დავიწყე.

საბედნიეროდ, მშობლებმა სიძულვილის გარეშე აღმზარდეს და არასოდეს ყოფილა ოჯახში განსხვავებული ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, რასიზმი, სექსიზმი და ა.შ. ვფიქრობ, საზოგადოების მასიური სიძულვილის მიზეზი, პირველ რიგში, სწორედ აღზრდიდან მოდის. 
ჩემი აქტივობა 17 მაისის აქციის შემდეგ დაიწყო. დარბევის კადრები იმდენად მძიმე სანახავი იყო, რომ დედაჩემიც კი შეძრა. როცა ქუთაისში დაანონსდა აქცია ძალადობის წინააღმდეგ, გავბედე და გავედი. სულ არ მიფიქრია იმაზე, რომ ათასობით ადამიანი ნახავდა ჩემ ინტერვიუს, ან იმაზე, თუ რას იტყოდნენ ჩემი ნაცნობ-მეგობრები. იმ პერიოდში მე თვითონაც ხომ გაურკვევლობაში ვიყავი…

უბრალოდ მივხვდი იმას, რომ აქამდე მარტო ვიყავი და არავინ იყო ჩემნაირი. ვერავის ველაპარაკებოდი ჩემს შინაგან ემოციებზე… შემდეგ აღმოვჩნდი სათემო ცენტრში და გავიცანი ადამიანები, რომლებმაც მიმიღეს და შემიყვარეს ისეთი, როგორიც ვარ. უფრო მეტიც, როცა ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი მქონდა, გვერდში არავინ დამიდგა. არც ნათესავები და არც მეგობრები. სამაგიეროდ ბოლომდე მხარს მიჭერდა ლგბტ თემი, ჩემი მეორე ოჯახი! მათთან ერთად მე ყველაფერი დავძლიე და გავხდი უფრო თავისუფალი. მათ თვითგანვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ძალიან დიდი სტიმული მომცეს. ისინი მავსებენ და მაბედნიერებენ. უდიდესი იმედია იმის ცოდნა, რომ გასაჭირში არ ხარ მარტო.

მეც ვცდილობ გვერდით დავუდგე, ვისაც სჭირდება და პატარ-პატარა აქტივობებით იმდენი შევძელი, რომ ჩემს ირგვლივ აღარ არიან სიძულვილით სავსე ადამიანები. ნეგატივს ყოველთვის სიყვარულით ვპასუხობ და სწორედ ამიტომ მჯერა, რომ განათლება და ინფორმაციის სწორად მიწოდება საზოგადოებაში სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ბედავს საჯაროდ გამოჩენას და პირველ რიგში მათ ჭირდებათ ჩვენი დახმარება და გაძლიერება. ამისთვის კი ერთიანობაა საჭირო!

თავის მხრივ, სახელმწიფომაც მაქსიმუმი უნდა გააკეთოს რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდეს. სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერ ლგბტ თემს და ისევ მადლობას ვეტყვი ჩემს თითოეულ მეგობარს თანადგომისა და სიყვარულისთვის. დიახ, პრაიდი ჩემთვის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ასოცირდება და მე ჩემი ოჯახის გვერდით ვარ და ვიქნები ყოველთვის!”

ამავე თემაზე

“დედა, მენატრები!” – ემიგრაციაში მყოფ ლგბტქი პირთა მიმართვა დედებს

რას ნიშნავს პრაიდი და რა (არ) იგეგმება თბილისში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი