ახალი ამბები

ჰესების მოწინააღმდეგე აქტივისტი სასამართლომ სამსახურში აღადგინა – EMC

1 მარტი, 2019 • 1486
ჰესების მოწინააღმდეგე აქტივისტი სასამართლომ სამსახურში აღადგინა – EMC

ჰესების მოწინააღმდეგე აქტივისტი მანანა საღლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე აღდგება. ამის შესახებ EMC-ის იურისტმა, ლელა გვიშიანმა ნეტგაზეთს განუცხადა.

იურისტი დასძენს, რომ, მართალია, მოსარჩლის მოთხოვნა დისკრიმინაციის დადგენა არ იყო, თუმცა საქმეში, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებში, იკვეთებოდა, რომ მანანა საღლიანის გათავისუფლების მიზეზი სწორედ მისი აქტივიზმი იყო.

საღლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ღონისძიებათა ორგანიზატორის პოზიციაზე 2009 წლიდან მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2018 წლის ივნისში გაათავისუფლეს.

“დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროცესის დასრულებისთანავე ადგილზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საღლიანის გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და, ამავდროულად, დამსაქმებელს განაცდურის ანაზღაურება და თანამდებობაზე აღდგენა დაევალა.

ჩვენ ვამბობდით, რომ გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი დისკრიმინაცია იყო. ჩვენ ვუკავშირებდით, ვამბობდით და მოწმეებიც გვყავდა, რომ ის ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტის გამო გათავისუფლდა. თუმცა, ეს პოზიცია რამდენად გაიზიარა მოსამართლემ, არ ვიცით, ვინაიდან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს”,- ამბობს ლელა გვიშიანი.

მანანა საღლიანი ჰესების წინააღმდეგ საპროტესო აქციებში მართლაც მონაწილეობს. მათ შორის, ის სიტყვით გამოდიოდა 7 თებერვალს თბილისში გამართულ მსვლელობა/აქციაშიც.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა მესტიის მუნიციპალიტეტსა და კულტურის ცენტრს, სადაც კომენტარი არ გააკეთეს.

აქცია ჰესების წინააღმდეგ [ფოტო/ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი