ბუნდოვანი ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის — ეუთო ვალების ჩამოწერაზე

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერამ “ბუნდოვანი გახადა ხაზი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის”, — წერია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

28 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, “საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენების ინციდენტები”. ადმინისტრაციული რესურსი არის ნებისმიერი სახის რესურსი, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესასრულებლად.

“მეორე ტურის წინ სოციალური და ფინანსური ინიციატივები იქნა გამოცხადებული- მმართველის პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტის [ბიძინა ივანიშვილის “ქართუ” ბანკი] მიერ ვალების ჩამოწერა 600 000 ადამიანისთვის. ამ ინციდენტებმა გააბუნდოვანა ხაზი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის”.

ეუთო ასევე წერს, რომ კენჭისყრის წინ ამ ინიციატივის გამოცხადებას ამომრჩევლის მოსყიდვის ფორმად მიიჩნევს ეუთოს მრავალი მონიტორი. ამომრჩევლის მოსყიდვა კი საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივობამ პარტიასა და სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ხაზი, “ის არ დაქვემდებარებია შესაბამისი უწყებების მიერ დროულ შესწავლას”.

“ორივე ტურისთვის ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვებამ და პოლიტიკური პრეფერენციების მონიშვნამ კენჭისყრის დღეს,  ამომრჩეველთა კონტროლთან ერთად, შეშფოთება გამოიწვია [და გააჩინა კითხვები] ამომრჩეველთა შესაძლო დაშინების … შესახებ”, – წერია ანგარიშში.

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com