ახალი ამბები

უკრაინელების უფლებების დარღვევისთვის უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს

1 მარტი, 2019 • 1476
უკრაინელების უფლებების დარღვევისთვის უკრაინა ისრაელთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს

უკრაინა არ გამორიცხავს, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა ისრაელთან იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქვეყანაში სისტემურად დაირღვევა უკრაინელი ტურისტების უფლებები. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალება “ევროპეისკაია პრავდა” ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ეკატერინა ზელენკომ განაცხადა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენკოს თქმით, 2019 წლის 15 თებერვალს კიევში, ბორისპოლის აეროპორტში, ისრაელის 35 მოქალაქეს არ მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება საკმარისი თანხის არარსებობისა და მოგზაურობის მიზნების დაუსაბუთებლობის მოტივით. საპასუხოდ, ისრაელმა დააკავა კიევიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 140 უკრაინელი იმყოფებოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ცნობით, ისრაელში ჩასულ უკრაინელებს აეროპორტში არასათანადოდ ეპყრობიან, მათ რამდენიმესაათიან გასაუბრებას უტარებენ, აკავებენ და შემდეგ ქვეყანაში აბრუნებენ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ეკატერინა ზელენკო ამბობს, თუ უცხო ქვეყნებში გაგრძელდება უკრაინის მოქალაქეების უფლებების სისტემური დარღვევა, მათ შორის, ისრაელშიც, უკრაინა განიხილავს ასეთ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხსაც.

საზღვარზე უკრაინელების დაკითხვასა და მათ უკან გაბრუნებას ისრაელი  უკავშირებს ქვეყანაში უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდით. იგივე სიტუაციაა საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებითაც. საქართველოს არაერთმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ისინი ისრაელში ჩაფრენისას არაერთხელ აღმოჩნდნენ არასათანადო მოპყრობის ობიექტები, რის შემდეგაც უკან, საქართველოში აბრუნებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი