ახალი ამბები

თუ C, CE, D და DE კატეგორიის მართვის მოწმობა დღემდე არ განგიახლებიათ, ის ძალადაკარგულია

1 მარტი, 2019 • 4286
თუ C, CE, D და DE კატეგორიის მართვის მოწმობა დღემდე არ განგიახლებიათ, ის ძალადაკარგულია

დღეიდან საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. იმ პირებს, ვინც ამ დრომდე აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობები არ განაახლეს, დღეიდან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვთ.

მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს, 2019 წლის პირველი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს:

  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • არსებული მართვის მოწმობა.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში – 35 ლარი.

დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს “ფეისბუქ”-გვერდზე.

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, 2014 წლის 1-ლი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: „A“, „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობების ვადა განისაზღვრა 5 წლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი