ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, თიბისის საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს, პროკურატურა უარყოფს

1 მარტი, 2019 • 779
ადვოკატის თქმით, თიბისის საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს, პროკურატურა უარყოფს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ თიბისის საქმეს პროკურატურა საიდუმლო გრიფით იძიებს. მისი თქმითვე, ამ საქმეში არც ჯაფარიძეს და არც ხაზარაძეს ბრალდებულის სტატუსი არ აქვთ და მათი დაკითხვა მოწმის სახით ხდება.

როგორც ნეტგაზეთს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, აღნიშნულ საქმეს გრიფი “საიდუმლო” არ ადევს.

“საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დროდადრო აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ, როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ,” – წერს კორძაძე.

მისი თქმითვე, თუ პროკურატურას სურს, ამ საქმეზე “მაღალი” საზოგადოებრივი ინტერესი დააკმაყოფილოს, საქმეს გრიფი მოხსნას და საზოგადოებას საშუალება მისცეს, სრულად მიიღოს ინფორმაცია.

“პროკურატურა საქმეს იძიებს “ფულის გათეთრების” მუხლით. რაც მეტ კომენტარს აკეთებს ამ საქმეზე საგამოძიებო ორგანო, მით უფრო ნათელი ხდება, რომ არავითარ ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს და ბუნებაში ვერ გვექნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ოპერაცია ლეგალურია, შესრულებულია საბანკო გადარიცხვის გზით და არაერთხელ შემოწმდა რეგულატორის მიერ. არ არსებობს “შავი ფული”, რომელიც ვინმემ “გაათეთრა”. უფრო მეტიც, თვით ეროვნული ბანკიც ბოლო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოსცა სანქციები, არსად ახსენებს ფულის გათეთრებას.

პროკურატურა ბრიფინგებს აწყობს იმ მოტივით, რომ აკმაყოფილებს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. ამასთან, არ ხსნის საქმეს საიდუმლო გრიფს და არ იძლევა საშუალებას, საზოგადოებას სრულად მიიღოს ინფორმაცია. რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიების და ამ ბრიფინგების მიზანი არა საქმეში სამართლებრივი სიცხადის შეტანა, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაა. ამასთან, მათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვთ და არ გააჩნიათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არავითარი ბერკეტი პროკურატურისთვის სამართლებრივი პასუხის გასაცემად,” – წერს ადვოკატი.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი