ახალი ამბები

კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, თუმცა, გზა არ გადაიკეტება – მერია

28 თებერვალი, 2019 • 1916
კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, თუმცა, გზა არ გადაიკეტება – მერია

თბილისის მერია კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. მერიის გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ქუჩაზე სპეციალური ტექნიკა უკვე მისულია, თუმცა პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიუხედავად რეაბილიტაციისა, ქუჩა მთლიანად არ გადაიკეტება.

პრესსამსახურში ამბობენ, რომ რეაბილიტაცია 3 თვეს გასტანს და ეტაპობრივად, მთლიან ქუჩას მოიცავს. შესაბამისად, ქუჩაზე ნაწილობრივი შეზღუდვები დაწესდება. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია “დინ გრუპი” განახორციელებს.

მერიის ინფორმაციით, კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა. წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას კი კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჩაატარებს.

“მიმდინარე წელი, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული იქნება. ამის შესაძლებლობას წლევანდელი ბიუჯეტიც გვაძლევს. დღეს კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. სამუშაოების ფარგლებში სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. აღნიშნული ქუჩა, გასულ წელს ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სხვა ქუჩების მსგავსად, სრულად მოწესრიგდება. სამუშაოების ღირებულება 1.5 მილიონამდე ლარია“, – განაცხადა დღეს კალაძემ.

მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ კანდელაკის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარი და ბორდიური. გზის საფარი, მთლიანობაში, 1.2 კილომეტრზე განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი