ახალი ამბები

ავთო წერეთელი: ხაზარაძე/ჯაფარიძეს ჩემი ფული ვასესხე – GBC

28 თებერვალი, 2019 • 1882
ავთო წერეთელი: ხაზარაძე/ჯაფარიძეს ჩემი ფული ვასესხე – GBC

“სამგორი M”-ისა და ,,სამგორი თრეიდის” დამფუძნებელი ავთო წერეთელი ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა. მისი თქმითვე, აღებული კრედიტი მის განკერგულებაში იყო, შესაბამისად, ვისაც სურდა, იმას მისცემდა.

“ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ,  მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია. ჩამოწერა ერქვა, ახალახან რომ განხორციელდა. თიბისიმ  მსესხებლებს 10 მილიონი რომ  ჩამოაწერა,  და რატომ ამაზე არაფერს ამბობენ,”-უთხრა წერეთელმა GBC-ს.

წერეთელმა სესხის გადავადებაზეც განმარტა,  რომ 2008 წლის  საომარი მოქმედებების  გამო, ბიზნესისთვის იმ პერიოდში გარკვეული შეღავათები იყო.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“2012 წელს „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად: ,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა,”-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურისვე ცნობით, ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა პაატა ღაძაძე რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი