ახალი ამბები

ყირგიზეთმა გიულენთან კავშირში ბრალდებული ჰოლდინგის აქტივები თურქეთს გადასცა

28 თებერვალი, 2019 • 1438
ყირგიზეთმა გიულენთან კავშირში ბრალდებული ჰოლდინგის აქტივები თურქეთს გადასცა

ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში მოქმედი თურქული კომპანიის, Kaynak Holding-ის წილები თურქეთის სამთავრობო უწყებას – ანგარიშების სადაზღვევო ფონდს მიაკუთვნა. კომპანიას თურქული მხარე ედავება აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირს, რომელსაც ერდოღანის ხელისუფლება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას თურქული გამოცემები ავრცელებენ.

ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა ჰოლდინგში თავიანთი ნდობით აღჭურვილი პირები უკვე მიავლინეს.

Kaynak Holding თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაფუძნებული ჰოლდინგია, რომელიც ძირითადად განათლების სექტორში საქმიანობს. მასში შემავალი კომპანიები საგამომცემლო, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კვების, ჯანდაცვისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მუშაობენ.

ერდოღანის ხელისუფლება Kaynak Holding-ს წლებია ედავება ფეთულა გიულენთან კავშირს. ჯერ კიდევ 2015 წელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მასში შემავალი კომპანიები სახელმწიფოს დროებითმა მმართველებმა დაიკავეს. 2017 წლის ოქტომბერში კი პოლიციამ 110 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჰოლდინგის მენეჯერები, თანამშრომლები და პარტნიორები იყვნენ.

2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ფეთულა გიულენთან კავშირის ბრალდებით ასობით კომპანია შეზღუდა სხვადასხვა ფორმით. მხოლოდ სამხედრო გადატრიალების შემდგომი 8 თვის მანძილზე, სახელმწიფომ 879 კომპანია დაიქვემდებარა ან იქ საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა. ამ კომპანიების აქტივების საერთო ღირებულება, ჯამში, 11.32 მილიარდი დოლარია. აქტივები სწორედ იმ ფონდის მართვაში გადადის, რომელსაც ყირგიზეთის სასამართლომ Kaynak Holding-ის აქციები მიაკუთვნა.

ფეთულა გიულენი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელია, რომელიც ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმაც 2013 წლის კორუფციული სკანდალის შემდეგ, დაუპირისპირდა მას. თურქეთის ხელისუფლება გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, მის მოძრაობას კი ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს. გიულენი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

2016 წლიდან დღემდე, თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ჩართულობისა თუ მასთან კავშირის ბრალდებით, ათობით ათასი ადამიანი დააკავეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაიხურა ათასობით სკოლა, უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებელი, 200-მდე მედიაორგანიზაციამ კი ფუნქციონირება შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი