ვფიქრობ მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობაზე — ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, შესაძლოა, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კენჭი იყაროს პარლამენტში მოსახვედრად.

როგორც ანა დოლიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ის “ძალიან აქტიურად” ფიქრობს არჩევნებში მონაწილეობაზე და კონსულტაციებს მართავს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

“შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თავისი მნიშვნელობით, ეს არჩევნები ბევრად მეტი იქნება, ვიდრე მხოლოდ ერთი ოლქის არჩევნები. ამ არჩევნებს აქვს პოტენციალი, რომ მთლიანად შეცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი, თუკი ახალი ძალა გამოჩნდა იქ და ამ ახალმა ძალამ გაიმარჯვა”, — გვითხრა დოლიძემ.

მისი თქმით, “უნდა დავაკვირდეთ, რამდენად შეიძლება დაიძრას სამართლიანობის თემა” და “ამის გასაღები მაინც პოლიტიკაშია”.

“ეს არის ის საკითხები, რაზეც მე აქტიურად ვფიქრობ. ვაწარმოებ კონსულტაციებს იმიტომ, რომ თუ შეიძლება, მთაწმინდის არჩევნებით მოხდეს გარღვევა და ეს სამართლიანობის თემაც დაიძრას, მაშინ ეს ჩემთვის საინტერესოა”.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე იმართება. პარლამენტში ეს ადგილი სალომე ზურაბიშვილს ეკავა 2016 წლის არჩევნების შემდეგ, თუმცა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას ისტორიკოსი გრიგოლ გეგელიაც გეგმავს; ასევე, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ სოფო ხორგუანი (სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მოადგილე 2007-2009 წლებში) და კობა დავითაშვილი.


დოლიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ორგანიზაცია Project Harmony International-სა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. 2013-2016 წლებში დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი იყო კანადაში; 2015-16 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა; 2016 წლის 27 ივნისიდან 2018 წლის 8 იანვრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, 2018 წლის იანვარში კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დაინიშნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com