ახალი ამბები

პრაღის შეხვედრის ტონალობა აბაშიძე-ივანიშვილის საუბართან შესაბამისობაში იყო – კარასინი

28 თებერვალი, 2019 • 1083
პრაღის შეხვედრის ტონალობა აბაშიძე-ივანიშვილის საუბართან შესაბამისობაში იყო – კარასინი

პრაღის შეხვედრის მთელი ტონალობა შესაბამისობაში იყო იმასთან, რის შესახებაც აბაშიძემ ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა, – “ეხო კავკაზას” ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ამასთან, არც ქართულ და არც რუსულ მხარეს არ განუმარტავთ, ეს რას ნიშნავს.

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პრაღაში გამგზავრებამდე ბიძინა ივანიშვილს, როგორც მმართველი პარტიის ლიდერს, შეხვდა და ის საქმის კურსში ჩააყენა დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა არანაირი გზავნილი ივანიშვილისგან არ მიუღია.

“ივანიშვილთან მუდმივ რეჟიმში მაქვს კონსულტაციები, შეხვედრები. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ძალიან მოკლე შეხვედრა შედგა, ჩემი ინიციატივით. იგეგმებოდა მოლაპარაკებები [პრაღაში] და მინდოდა, საქმის კურსში ჩამეყენებინა, რაზე ვლაპარაკობთ ახლა, რა პრობლემებია ამ ფორმატში, როგორი დინამიკაა და ა.შ. ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და საქმის კურსში უნდა იყოს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის”, – განაცხადა აბაშიძემ.

პრაღის ფორმატში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გუშინ, 27 თებერვალს გაიმართა. პრაღაში გამგზავრებამდე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ყოფილ პრემიერს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მის ბიზნესცენტრში ეწვია.

ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებს საკუთარ რეზიდენციაში მართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი