ახალი ამბები

მარიამ ჯაშის განცხადებამ გამაოგნა… ასეთი რამ 90-იანების შემდეგ არ გამიგია – ზაქარეიშვილი

27 თებერვალი, 2019 • 2440
მარიამ ჯაშის განცხადებამ გამაოგნა… ასეთი რამ 90-იანების შემდეგ არ გამიგია – ზაქარეიშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აკრიტიკებს დეპუტატ მარიამ ჯაშის განცხადებას საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ.

ტვ პირველის ეთერში “ოცნების” ახალ სახეებზე საუბრისას ზაქარეიშვილმა თქვა, რომ ჯაშის განცხადება გამაოგნებელი იყო.

“გამაოგნა მარიამ ჯაშის განცხადებამ. პრესკონფერენციაზე კი არ თქვა რაღაც უაზრობა, არამედ საპარლამენტო კომიტეტი შეკრიბა და საქართველო გაყო ეთნიკურ ნიშნებად და აზერბაიჯანლებს ცალკე მიუნიშნა რაღაც უფლებები. ასეთი უცნაური (რბილად რომ ვთქვათ) განცხადება 1990-იანი წლების შემდეგ არ გამიგია. ეს თუ არის მომავლის პარტია და მომავლის ახალგაზრდა, რომელმაც,  ეტყობა, ინგლისურიც კარგად იცის და უცხოეთშიც უსწავლია… გამაოგენებელია, როცა ასე ეთნიკურ ნიშნებად ყოფს ქართულ ნაციას, რომელიც, როგორც იქნა, იკვრება და მართლა ხდება რაღაც ინტეგრაცია. ყველა გასუსულია, სახალხო დმაცველის გარდა, რომელიც შეეპასუხა. თუ ეს ხალხი ამ ფორმით აპირებს ჩვენს მომავალში შეყვანას, ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ 1990-იანი წლებისაკენ, რაც შემაშფოთებელი იქნება. არანაირი 2030 არ გამოვა. თუ პოლიტიკა მემკვიდრეობითი არ არის და თუ წინა თაობა მომავალ თაობას გამოცდილებას არ გადასცემს და ერთად არ მუშაობენ, აქედან არაფერი გამოვა. მე იმედი მაქვს, რომ 2020-ის არჩევნებზე საბოლოოდ მოხდება ყველაფრის გახსნა და, საბოლოო ჯამში, წერტილი დაესმევა ბოლშევიკურ მმართველობას, როცა ერთნი მართალნი არიან და დანარჩენები – მტრები. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მარიამ ჯაშის თქმით, უნდა მოხდეს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრება საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.

მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა მიუღებელია – ლომჯარია ჯაშს

მასალების გადაბეჭდვის წესი