“შრომა უნდა დაგვიფასონ” — “თბილავიამშენის” მუშებმა გაფიცვა დაიწყეს

სამკვირიანი უშედეგო მედიაციის შემდეგ, თბილისის საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენის” თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა დაიწყეს. კომპანიის ხელმძღვანელობა მხოლოდ საპრემიო ფონდის შექმნაზეა თანახმა, რაც დასაქმებულებს არ აკმაყოფილებთ. ისინი გაზრდილ სტაბილურ შემოსავალს ითხოვენ. დამსაქმებელი ფიქრობს გაფიცულთა დროებით ჩანაცვლებაზე.

“ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის”

გაფიცულებს სხვადასხვა მოთხოვნა აქვთ — ჰიგიენურ-სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება, პრემია-დანამატების სისტემის შემოღება და, რაც მთავარია, ხელფასების მომატება.

ავიატექნიკოსი მერაბ ოვანიძე 1977 წლიდან მუშაობს “თბილავიამშენში”, — მას შემდეგ, რაც ტექნიკური უნივერსიტეტი დაასრულა და აქ გაანაწილეს სამუშაოდ. “ფაქტობრივად, ამ საწარმოს მკვიდრი ვარ”, – ამბობს იგი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მერაბ ოვანიძე, “თბილავიამშენის” დასაქმებული. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი. 27.02.2019

“მე უკვე 40 წელზე მეტია, აქ ვმუშაობ და ხელზე ასაღები 1 007 ლარი მაქვს. როგორ შეიძლება, საფრენ აპარატს კაცი ამზადებდეს და ხელფასი ასეთი ჰქონდეს? ვითხოვთ იმას, რაც მართლა გვეკუთვნის — ხელფასის ზრდას”. იმის გათვალისწინებით, რომ ქარხანაში მუშაობა მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს და საპასუხისმგებლოა, ოვანიძის თქმით, დასაქმებულთა ანაზღაურებაც არსებულზე მაღალი უნდა იყოს.

დამსაქმებელი, სს “თავ თბილავიამშენის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგიბერიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ საშუალო ხელფასი 950-სა და 1000 ლარს შორის მერყეობს, თუმცა ეს მაჩვენებელი არის საერთო სახელფასო ფონდის შეფარდება დასაქმებულთა საერთო რაოდენობასთან. გოგიბერიძე პირდაპირ არ პასუხობს ნეტგაზეთის კითხვას, რა არის მედიანური ხელფასი [ეს მაჩვენებელი ანაზღაურებების უფრო რეალურ სურათს მოგვცემდა]; პროფკავშირების თანახმად, უშუალოდ მუშების ანაზღაურებები ამ რიცხვებზე ნაკლები უნდა იყოს.

მერაბ ოვანიძეზე ნაკლები სტაჟი და ხელფასი აქვს, თუმცა იმავე აზრზეა ვატო გირკელიძე, რომელიც ამწყობ-ზეინკლად დაახლოებით 5 წელია მუშაობს.

“ჩვენი ხელფასი ის არ არის, რაც გვეკუთვნის. მინიმალური ხელფასი 500-დან 600 ლარამდეა, რაც მიუღებელია”, – ამბობს იგი.

ვატო გირკელიძე, “თბილავიამშენის” დასაქმებული. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი. 27.02.2019

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, უფრო მაღალი ხელფასი გვქონდეს და მუშაობის პროცესი დაფასებული იყოს. იმდენს ვმუშაობთ, მაგრამ არ გვიფასებენ, არ ჩანს, რომ გვიფასებენ და ამიტომ ვართ გაფიცულები”, — უთხრა გირკელიძემ ნეტგაზეთს.

ნინო ბჟალავა და მადონა მაღრაძე,, “თბილავიამშენის” დასაქმებულები. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი. 27.02.2019

კიდევ ერთ დასაქმებულს, ნინო ბჟალავას, რომელიც 35 წელია, თბილავიამშენში მუშაობს, 530 ლარი აქვს ხელფასი. ის საწვავ-საპოხი ზეთების ლაბორატორიაშია დასაქმებული და ამბობს, რომ იქ “მავნე პირობებია”, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემაც შეექმნა. დაახლოებით 40 წელია, ლაბორატორიაში მუშაობს მადონა მაღრაძეც, რომელიც ხელსაწყოების აღდგენაზე მუშაობს. ხელზე ის 692 ლარს იღებს. “შეფასდეს ჩვენი შრომა. წლებია ვმუშაობთ და ვართ ამ ხელფასებზე”, — ამბობს ბჟალავა.

“თბილავიამშენი”

“თბილავიამშენი”, რომელსაც თავიდან 31-ე ქარხანა ერქვა, თბილისში 1941 წლიდან არსებობს; ათწლეულების განმავლობაში სსრკ-ის მმართველობის ქვეშ იყო, 1990-იან წლებში საქართველოს ხელისუფლების საკუთრებას წარმოადგენდა, 2004 წელს კი, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის პოლიტიკის ფარგლებში, ქარხნის პრივატიზაცია მოხდა. მოგვიანებით განვითარებული მოვლენების გამო, ამჟამად კვლავ მიმდინარეობს სასამართლო დავა, სადაც ყოფილი მფლობელები დავობენ, რომ მათ 2010 წელს ზეწოლის შედეგად დათმეს წილები;

[წაიკითხეთ ამ საქმის დეტალები ნეტგაზეთზე: ბიზნესმენები სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” საავიაცო ქარხნის დაბრუნებას ითხოვენ]

ამჟამინდელი მდგომარეობით, როგორც სააქციო საზოგადოება “თამ თბილავიამშენში” [გაფიცულთა უშუალო დამსაქმებელი] ნეტგაზეთს უთხრეს, მათი 96%-ის მფლობელი არის შპს თბილავიამშენი, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაშია.

გაფიცვა “თბილავიამშენში”. 27.02.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

2010 წლიდან შპს თბილავიამშენი იმყოფებოდა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ “დელტას” დაქვემდებარებაში, რომელსაც ზედამხედველობას თავდაცვის სამინისტრო უწევს. თუმცა 2013 წელს შპს თბილავიამშენი“ სამართავად ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს, საიდანაც შრომითი დავის საკითხზე კითხვებზე პასუხების მისაღებად უშუალო დამსაქმებელთან, სააქციო საზოგადოება “თამ თბილავიამშენში” გადაგვამისამართეს.

რაზე მოდის დამსაქმებელი?

ნეტგაზეთთან საუბარში სააქციო საზოგადოება “თამ თვილავიამშენის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგიბერიძე ამბობს, რომ იზიარებს ჰიგიენურ-სანიტარული ნორმებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას და “ამ კუთხით აუცილებლად … მივალთ ადეკვატურ შედეგამდე”. რაც შეეხება ორ ძირითად მოთხოვნას — ხელფასების ზრდასა და პრემიების სისტემის შემოღებას, გოგიბერიძე გვეუბნება:

“ეს საბიუჯეტო ორგანიზაცია არ არის. მთლიანად დამოკიდებულები ვართ [გარე] კონტრაქტებზე და იმ შეთანხმებებზე, რასაც ვაფორმებთ. ამის შესაბამისად შემოგვდის შემოსავალი. ამიტომ, ეს ორი მოთხოვნა გავაერთიანეთ და შევიმუშავეთ პრემიალური სისტემა, რომელიც მთლიანად ხელშეკრულებებსა და კონტრაქტებზე იქნება დამოკიდებული”.

ირაკლი გოგიბერიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

რას გულისხმობს ეს სისტემა? გოგიბერიძე განმარტავს: “მაგალითად, დღეს რაზეც შემიძლია ვისაუბრო, არის 11.5 მლნ დოლარზე საუბარი [11.5 -მილიონიან პროექტზე]. აქედან 2% მთლიანად გადაირიცხება საპრემიო ფონდში. ეს, უხეშად რომ ვიანგარიშოთ, 650 ათასი ლარია”. ეს თანხა, მისი თქმით, გადანაწილდება დასაქმებულებზე შემდეგი პროპორციით:

70%, ანუ დაახლოებით 455 ათასი ლარი, მუშა-მოსამსახურეებზე გადანაწილდება, 30% (დაახლოებით 195 ათასი ლარი) კი- ადმინისტრაციაზე, რომელშიც, გოგიბერიძის თანახმად, იგულისმხება “ბუღალტერია და ა.შ”.

გოგიბერიძის თქმით, თუკი ამჟამინდელი ყოველთვიური სახელფასო ფონდი 150-160 ათასი ლარია, “მარტო ამ ერთი კონტრაქტიდან პრემიალურ სისტემაზე გადადის 650 ათასი ლარი. შესაბამისად, რომ ვიანგარიშოთ მარტივად, სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე თვიური ხელფასი. რაც მეტი კონტრაქტი იქნება, მეტი შემოსავალი ექნებათ. ყოველ კონტრაქტზე იქნება ეს დამოკიდებული”.

გოგიბერიძემ არ გვიპასუხა კითხვაზე, “თბილავიამშენის” მოქმედი ხელშეკრულებების რა ნაწილს შეადგენს სახელფასო ფონდი.

იგი მხოლოდ იმას ამბობს, რომ თუ გაფიცულები წამოვლენ ადმინისტრაციის წინადადებაზე, “ნებისმიერი ხელშეკრულებიდან, უკვე არსებულიდანაც… პირველივე მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად ჩაერიცხებათ პრემია”.

“სტაბილური შემოსავალი”

თუმცა პროფკავშირები, რომელიც დასაქმებულებს წარმოადგენს მედიაციის პროცესში, ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და გაფიცულებს სტაბილურ შემოსავალს არ ჰპირდება.

“პრემია წამახალისებელი ფორმაა და ეს არ არის შრომის ანაზღაურება. მათ [გაფიცულებს] სჭირდებათ სტაბილური შრომის ანაზღაურება”, – უთხრა ნეტგაზეთს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა.

ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირების თავმდჯომარე. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“თბილავიამშენის” შიდა პროფკავშირში გაერთიანებული გიორგი გედამინსკი, საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც სულ რაღაც ოთხი თვეა, ქარხანაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, იმავე აზრზეა. გედამინსკი, რომლის მოვალეობაშიც შედის მზა ელექტროაგრეგატების დამუშავება, კაბელების აღდგენა და გასწორება, ამბობს, რომ შემოთავაზებული სისტემა მათ არ აწყობთ.

“პრემია შეიძლება წელიწადში ერთხელ იყოს. ჩვენ ხელფასი გვჭირდება”, – ამბობს გედამინსკი.

თუმცა დასაქმებულთა ნაწილისთვის არც აღნიშნული შემოთავაზება იყო ცნობილი. მაგალითად, ქარხნის თანამშრომლებმა, ნინო ბჟალავამ და მადონა მაღრაძემ, 27 თებერვალს ნეტგაზეთს უთხრეს, რომ არაფერი იცოდნენ ამ წინადადებაზე.

“პროფესიონალებით ჩავანაცვლებ” – დამსაქმებელი

“თბილავიამშენის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გოგიბერიძე ამბობს: “შეთავაზება გაკეთებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას უპირობოდ დავტოვებთ ძალაში. თუ არიან თანახმა, წამოვლენ ამაზე, არ წამოვლენ და სხვა გადაწყვეტილებაც შეგვიძლია მივიღოთ”.

“გასაგებია, აქვთ კანონმდებლობით გაფიცვის უფლება, ვერც შევეწინააღმდეგები და არც მაქვს ამის უფლება, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი არის, რომ საწარმოო პროცესი არ შეჩერდეს. შესაბამისად, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს”, – ამბობს გოგიბერიძე.

რას გულისხმობს იგი “სხვა გადაწყვეტილებაში”? ნეტგაზეთის კითხვაზე პასუხად ის ამბობს: “ჩავანაცვლებ გაფიცულ ადამიანებს სხვა პროფესიონალებით”. დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად კი თქვა:

“დროებითი ჩანაცვლება ხდება გაფიცვის პერიოდში. კანონით მე უფლება და არც სურვილი არა მაქვს, რომ ეს ადამიანები გავათავისუფლო, რასაკვირველია, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ეს ადამიანები არ იმუშავებენ, მე ჩავანაცვლებ ამ ხალხს სხვა ადამიანებით, რომ საწარმოო პროცესი არ შეჩერდეს”.

თავის მხრივ, დასაქმებულები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

გაფიცვა თბილავიამშენში. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი. 27.02.2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com