ახალი ამბები

სანამ თიბისის საქმე არ დასრულდება, ბანკები ანაკლიას არ დააფინანსებენ – ახვლედიანი

27 თებერვალი, 2019 • 1184
სანამ თიბისის საქმე არ დასრულდება, ბანკები ანაკლიას არ დააფინანსებენ – ახვლედიანი

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო პროცესი კონსორციუმს ინვესტორების მოძიების კუთხით ხელს უშლის.

მისივე თქმით, ბანკები, რომლებთანაც ანაკლიის პორტის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შეშფოთებულნი არიან თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერებთან დაკავშირებული მოვლენებით.

“ეს პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, ბუნებრივია, გვაფერხებს. შეშფოთებულნი არიან ბანკები. მოდის არაერთი შეკითხვა და ის რესურსი, რომელიც შეგვიძლია საქმიან პროცესებს მოვახმაროთ, გვიწევს ახსნა-განმარტების კეთება და მათი დარწმუნება, რომ ყველაფერი წესრიგშია. პირდაპირ მინდა ვთქვა, თუ ეს პროცესები არ დასრულდა და ამ გაუგებრობას ნათელი არ მოეფინა, ბანკები საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. სანამ ანაკლიის პორტის მთავარი სპონსორები [ბადრი ჯაფარიძე; მამუკა ხაზარაძე] გახვეულნი არიან, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებრობაში, ბანკები ინვესტიციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებენ. ეს არის ცალსახა. ეს პროცესი თუ უახლოეს პერიოდში არ დასრულდა, ანაკლიის პროექტი შეფერხდება,” – უთხრა BMG-ის ახვლედიანმა.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებში ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნები დაარღვიეს. ამის საფუძველზე სებ-მა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა.

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ თიბისი ბანკმა სებ-თან დავა შეწყვიტა და მზადყოფნა გამოთქვა მარეგულირებელს 1 მლნ ლარი გადაუხადოს. ამასთან, ჯაფარიძე და ხაზარაძე თიბისი ბანკს დატოვებენ, თუმცა მათ შეუნარჩუნდებათ აქციები კომერციული ბანკის მფლობელ კომპანია TBC Bank Group PLC-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი