ახალი ამბები

ხაბიბი დაღესტნურ სპექტაკლს “პორნოგრაფიას” უწოდებს და მსახიობების დასჯას ითხოვს

27 თებერვალი, 2019 • 2375
ხაბიბი დაღესტნურ სპექტაკლს “პორნოგრაფიას” უწოდებს და მსახიობების დასჯას ითხოვს

ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენი, შერეული ორთაბრძოლების (ММА) მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი დაღესტნის ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს დედაქალაქ მაჰაჩყალაში თეატრალური დადგმის გამო, რომელსაც იგი “პორნოგრაფიას” უწოდებს. დადგმაში ერთ-ერთ მთავარ როლს სტანისლავ ბონდარენკო ასრულებდა, რომელიც ქართული შოუს, “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-6 სეზონის გამარჯვებულია.

სპექტაკლი, სახელად “კაცებზე ნადირობა”, 23 თებერვალს დაიდგა მაჰაჩყალაში, “მეგობრობის სახლში”, რომელიც “დაღესტნის ნაციონალური პოლიტიკის სამინისტროს” დაქვემდებარებაშია. პიესას სამი პერსონაჟი ჰყავს: ევა, მისი ქმარი, სახელად მარიო, და ევას საყვარელი — ბრუნო.

25 თებერვალს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სპექტაკლის ერთ-ერთი ეპიზოდი ჩანს. ამ მონაკვეთში ევას პერსონაჟი (მსახიობი ნატალია რევა-რიადინსკაია) სცენაზე ბრუნოსთან (სტანისლავ ბონდარენკო) ერთად საცვლების ამარა ჩანს.

იმავე საღამოს ნურმაგომედოვმა, რომლის ინსტაგრამიც 13 მილიონ ადამიანს აქვს გამოწერილი, “სიბინძურე” უწოდა წარმოდგენას, დაწერა, რომ “ყველაფერს აქვს საზღვარი” და ქუჩის აქციებით დაიმუქრა. მან ასეთი ტექსტი დაწერა:

“დაღესტანი ჩვენი მიწაა და არავის აქვს ასეთი წარმოდგენები ორგანიზების უფლება. ვფიცავ ალაჰს, სანამ დაღესტნელი კაცები არ გამოიღვიძებენ და წესრიგის დამყარებას არ დაიწყებენ, ჩვენი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება”. მან კომენტარებში გაიხსენა იმამი შამილი, ჩრდილოკავკასიელ მთიელ ხალხთა მეთაური მე-19 საუკუნეში, რომელმაც დაღესტნელები და ჩეჩნები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გააერთიანა.

მოგვიანებით მსახიობებმა, ივან ჟიდკოვმა და სტანისლავ ბონდარენკომ ბოდიში მოიხადეს. “დიახ, ჩვენს კომედიურ წარმოდგენაში იყო სცენები, რომლებიც შეიძლება, არაერთგვაროვნად ყოფილიყო აღქმული. ჩვენი მთავარი შეცდომა შესაძლო შედეგების სუსტად გათვლა იყო. თუკი ჩვენმა სპექტაკლმა შეურაცხყოფა მიაყენა მაყურებელს ან რესპუბლიკის მოქალაქეებს, ბოდიშს ვიხდი”, – დაწერა ბონდარენკომ.

თუმცა 26 თებერვალს ნურმაგომედოვმა კიდევ ერთი პოსტი დაწერა, სადაც ამბობს, რომ დადგმის ავტორები “კანონის მიხედვით უნდა დაისაჯონ… რატომ დუმს და რატომ ეგუება ყველა ამ პორნოგრაფიას ქალაქის ცენტრში? ან იქნებ გინდათ, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს”?

დმიტრი პესკოვმა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: “ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე მის მულტიეთნიკურ და მულტირელიგიურ ბუნებაშია… ბუნებრივია, [ფედერაციის] სხვადასხვა რეგიონს საკუთარი ტრადიციები აქვს … რომლებიც, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს იგნორირებული”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნურმაგომედოვი დაღესტანში კულტურულ ღონისძიებებში ერევა. მაგალითად, გასულ შემოდგომაზე ნურმაგომედოვმა გააკრიტიკა რესპუბლიკაში აზერბაიჯანელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების, HammAli-სა და Nava-ს კონცერტზე მსმენელის ქცევა; აქედან რამდენიმე კვირაში კი გააკრიტიკა რეპ-შემსრულებლები, ეგორ კრიდი და MC Doni-, რის შემდეგაც მათი კონცერტი გააუქმეს. კრიდისა და MC Doni-ს ლეიბლის მფლობელია ცნობილი რუსი შემსრულებელი ტიმატი, რომელსაც ამ ამბის გამო ხაბიბთან დაპირისპირება მოუვიდა. საბოლოოდ, ტიმატი და ნურმაგომედოვი ჩეჩნეთის მმართველმა, რამზან კადიროვმა შეარიგა.

მასალა მომზადებულია რუსული გამოცემა “მედუზას” მასალებზე დაყრდნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი