ახალი ამბები

“ჩემთვისაც მოულოდნელი იყო” – მიტროპოლიტი გრიგოლი საპატრიარქოს განცხადებაზე

26 თებერვალი, 2019 • 1528
“ჩემთვისაც მოულოდნელი იყო” – მიტროპოლიტი გრიგოლი საპატრიარქოს განცხადებაზე

“ჩემთვისაც მოულოდნელი და უცნობი იყო ეს განცხადება, ვიდრე თქვენამდე მოვაღწევდი” – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საპატრიარქოს 26 თებერვლის განცხადებას, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. მიტროპოლიტმა გრიგოლმა ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მამალაძის შეწყალებას იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ის დანაშაულს აღიარებს.

“რამდენადაც მე ვიცი, დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეკრება არ ყოფილა საპატრიარქოში, მაგრამ, ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვხვდებით, სასულიერო პირები, განსაკუთრებით მღვდელმთავრები, ვსაუბნრობთ ამ თემაზე და ჩვენს გულისტკივილს გამოვთქვამთ, ჩვენს აზრებს გამოვთქვამთ. მზაობა, რომ აღძრულიყო მამალაძის შეწყალების შუამდგომლობის საკითხი, ნამდვილად იყო. დანამდვილებით ვიცი, რომ კათალიკოს-პატრიარქი ამის მომხრე იყო”, – თქვა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტი გრიგოლი მიიჩნევს, რომ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები:

“ის მდგომარეობა, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე განვითარდა, მთლად ჯანსაღ ფონს არ ქმნის. მდგომარეობა ისედაც რთულია ამ საქმის სირთულიდან გამომდინარე, რადგან ორი წელი შესრულდება მალე და ეს თემა ისევ დღის წესრიგში დგას. ამ თემამ უკვე მოიპოვა განსაკუთრებული ადგილი ეკლესიის ისტორიაში. ეს ერთგვარი ეპოქალური საქმე გახდა, რომელიც იქნება გახსენებული და დავიწყებას არ მიეცემა. რაც უფრო მალე მოეფინება იმას, რასთან იყო ეს დაკავშირებული, მით უკეთესი.”


  • დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებოდა, რასაც ის არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი