ახალი ამბებისამართალი

მურუსიძის აცილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადვოკატთა ეთიკის კომისიისთვის მიმართვას გეგმავს

26 თებერვალი, 2019 • 2151
მურუსიძის აცილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადვოკატთა ეთიკის კომისიისთვის მიმართვას გეგმავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი “პროვოკაციულს” უწოდებს იმ ადვოკატების ქმედებას, რომლებმაც წამოიწყეს კამპანია “აიცილე ლევან მურუსიძე”. გვრიტიშვილის თქმით,  სასამართლო სხდომებზე ადვოკატები მურუსიძის ასაცილებლად შუამდგომლობებს აყენებენ.

“ეს კამპანიაც არის იმ ბინძური, უსაფუძვლო კამპანიის ნაწილი, რაც ბოლო წლებია წარმოებს ლევან მურუსიძის მიმართ. ადვოკატები განაგრძობენ თავდასხმას სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ახლა უკვე ამ ფორმით, როგორც ჩანს. ანა დოლიძეს და მავანთ ჰგონიათ – ამით ,,დისკომფორტს“ შეუქმნიან ლევანს.

ეს ხომ მიამიტობაა: ლევანმა, ჩვენ უკვე იმდენნაირ ზეწოლას გავუძელით პოლიტიკოსებისგან, არასამთავრობოებისგან და ადვოკატებისგანაც, ამასაც ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ადვოკატების ამგვარი პროვოკაციის გამო ერთი მისხალით არ დაზარალდება მხარეთა უფლებები!”, – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.

მისივე თქმით, ეს არის “აცილების პროცესუალური ინსტიტუტის ბოროტად, გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად გამოყენება.”

“თითქმის არ მაქვს იმედი, რომ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია ამ საკითხს სათანადოდ განიხილავს: ჩემი ინფორმაციით, ეთიკის კომისიას დავით ასათიანის მეგობარი ხელმძღვანელობს; აღმასრულებელი საბჭოს ორი წევრი კი ცოლ-ქმარია. მაგრამ მაინც, იქნებ დაფიქრდნენ ადვოკატები – ღირს კი ამ ფორმით მოსამართლეებთან ურთიერთობის გაგრძელება?”, – აცხადებს დიმიტრი გვირტიშვილი.

ამავე სტატუსის კომენტარებში იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი წევრი, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ეხმაურება.

“მე მიმაჩნია, რომ ასეთ შუამდგომლობას მოსამართლის მხრიდან უნდა მოჰყვეს შუამდგომლობის ავტორის დაჯარიმება 500 ლარით, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო! ეს არის ყველაზე კარგი “წამალი” ამ შემთხვევაში!” , წერს მეთოფიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი