საქართველოს მოდერნის არქიტექტურა 100 წლის შემდეგ

ავტორი: ნესტან თათარაშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი, საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის ხელმძღვანელი


საქართველოს ხუროთმოძღვრების უახლეს ისტორიაში ევროპის თანადროულად შექმნილი, ღირებული და არქიტექტურულად მნიშვნელოვანი დღეს თუ რამე გაგვაჩნია,  ეს მოდერნის (იგივე არ ნუვო – Art Nouveau) სტილის შენობა-ნაგებობებია და არა მხოლოდ დედაქალაქ თბილისში, არამედ ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, დუშეთში, ბორჯომში, ქობულეთში, ჩაქვში, სოხუმში, ახალ ათონში, გაგრაში. ამ სტილის გამორჩეული შენობების გარკვეულ ნაწილს განადგურების საფრთხე ემუქრება და მოუვლელობაზე მეტად მფლობელებისა თუ სპეციალისტების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები აზიანებთ; ავთენტურობის შენარჩუნება ზოგიერთ მათგანზე სათუო გახდა, ზოგი უკვე გამოუსწორებლად დაზიანდა და რამდენიმე, რომელზეც წარმოდგენილ სტატიაში შევაჩერებთ ყურადღებას  – ახლაც ზიანდება.

მოდერნის შესანიშნავი სახლი ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქ. N12, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის ე. წ. „მანსარდიზაციას“ გადაურჩა, თუმცა ახლა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, უკვე გაცემულია სანებართვო მოწმობა ისეთ პროექტზე, რომლის მიხედვით, სახლის მთელ პერიმეტრზე ხდება სხვენის ამაღლება და მანსარდის მოწყობა (ბრძანება N01-07/186, 2018 წლის 14 ნოემბერი; ნებართვა N03-05/87; პროექტის წარმდგენი შ.პ.ს. „კორაქსესი“, არქიტექტურული პროექტის ავტორი არტსტუდიო პროექტი). ეს მანსარდა (იხ. ფოტო 1) მთლიანად უკარგავს ავთენტურობას  ორი ქუჩის კვეთაზე ოსტატურად განლაგებულ ამ ულამაზეს სახლს, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა თავისუფლად იამაყებდა. აღნიშნული ნებართვის გაუქმების შესახებ უკვე მივმართეთ ქალბატონ ინგა შამილიშვილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და, იმედი გვაქვს,  ის მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება  ჩვენ თხოვნას და არ დაუშვებს ამ ძეგლის განადგურებას.

1. ბათუმი. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. 2018 წლის პროექტი

დიდი განსაცდელი ამ შენობამ უკვე გადაიტანა 2010 წელს, როცა მისი ფასადების „რესტავრაცია“ განხორციელდა. ამ დროს დაზიანდა და არასწორად აღდგა საფასადო დეკორის მნიშვნელოვანი დეტალები, ღიობთა ჩარჩოები და, რაც მთავარია,  სახლმა სრულიად დაკარგა ავთენტური ფერი (იხ. ფოტო 2 და 3), ახლა კი, თუ ეს საშინელი მანსარდაც დააშენეს – უბრალოდ, არქიტექტურულ მუტანტად იქცევა.

2. ბათუმი. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. 2000წ.

3. ზვიად გამსახურდიას ქ. N12. ფოტო ესკიზური პროექტიდან.

ვანდალური სამუშაოები ჩატარდა 1903 წელს შექმნილ მოდერნულ ინტერიერში – „საქართველოს ბანკის“ კუთვნილ შენობაში თავისუფლების მოედანზე (თბილისი, ალ. პუშკინის ქ. N3, რომლის ფასადების ცვლილება დამატებითი სართულებით – ეს კიდეც ცალკე თემაა), რომელსაც ეროვნული ძეგლის სტატუსის აქვს. სულ ახლახან დასრულდა მისი მორიგი „განახლება“. „საქართველოს ბანკის“ ცნობით: „ინტერიერზე იტალიურმა კომპანია DINN-მა იმუშავა, რომელმაც შენობას პირვანდელი სახე შეუნარჩუნა“. ბანკის ფეისბუკ-გვერდზე ამის ამსახველი მოკლე ვიდეოც აიტვირთა, სადაც ახალ კადრებთან ერთად ავთენტური ინტერიერის ძველი, შავ-თეთრი ფოტოებიც ჩნდება (იხ. 2019 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეო მათ ფბ გვერდზე), რომლის მიხედვით, ბავშვიც კი მიხვდება მათ შორის არსებულ დიდ განსხვავებას, მაგრამ   ამას  ეძახიან   მფლობელები და პროექტის ავტორებიც „პირვანდელი სახის შენარჩუნებას“.

„საქართველოს ბანკმა“ მსგავსი ვანდალიზმი ათიოდე წლის წინაც დაუბრკოლებლად განახორციელა და მის „შემოქმედ რესტავრატორს“ იმის უფლებაც მისცა, რომ მას საკუთარი სახელისა და გვარის ინიციალები „ე. ც.“ ბანკის დარბაზის ულამაზესი სალაროს საათის ქვეშ, მარმარილოზე ამოეკვეთა (იხ. ფოტო 4). გარდა ამისა, ძველი ხის კარი მდარე სახის ახლებური დეკორის მქონე რკინის კარით შეეცვალა და მთლიანად თეთრად გადაეღება ავთენტური მოხატულობითა და ნაძერწობით შემკული მთავარი შესასვლელი (ის ფოტოები 5, 6, 7, 8). ერთი სიტყვით, რაც მაშინ ამ „ე.ც“-მ „დააკლო“ ამ უნიკალურ ინტერიერს, ახლა იტალიურმა DINN-მა დაამატა.

4. თბილისი. ალ. პუშკინის ქ. N3. ბანკის დარბაზის სალარო. 2008წ.

5. თბილისი. ალ. პუშკინის ქ. N3. ბანკის შესასვლელი. 1910-იანი წლები

6. თბილისი. ალ. პუშკინის ქ. N3. ბანკის შესასვლელის კედლის მხატვრობის ფრაგმენტი. 2007წ.

7. თბილისი. ალ. პუშკინის ქ. N3. ბანკის შესასვლელი. 2019წ.

8. თბილისი. ალ. პუშკინის ქ. N3. ბანკის შესასვლელის კედლის ფრაგმენტი. 2019წ.

აგრეთვე შეუსაბამო რესტავრაცია განხორციელდა ათიოდე წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთ ძეგლზე – „თიბისი“ ბანკის სათავო ოფისზე (კოტე მარჯანიშვილის ქ. N7), რომლის დროს განადგურდა საპარადო კიბის ავთენტური საფეხურები, ლითონის აჟურული მოაჯირები კი მთლიანად შავად შეიღება (იხ. ფოტო 9, 10).

9. თბილისი. კოტე მარჯანიშვილის ქ. N8. კიბის ფრაგმენტი. 2007წ.

10. თბილისი. კოტე მარჯანიშვილის ქ. N8. კიბის ფრაგმენტი. 2009წ.

სულ ახლახან, მწვავედ დაისვა თბილისის უძველესი კინოთეატრის,  „აპოლოს“  საკითხიც. ეს შენობაც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და 2010 წელს, დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დროს, ბეწვზე გადავარჩინეთ დამატებითი სართულისა და მანსარდის დაშენებას. შენობის მფლობელმა იქ ახლა მულტიფუნქციური კულტურული ცენტრის მოწყობა გადაწყვიტა. მართალია, თბილისის მერიამ გასულ წელს ამაზე უარი უთხრა, თუმცა  მომავალში  საეჭვო ხდება შენობის თავდაპირველი ფუნქციისა  და ავთენტური ინტერიერის შენარჩუნება.

კიდევ ერთ ეროვნული მნიშვნელობის მქონე ძეგლს – კოტე მარჯანიშვილის თეატრს (ყოფილი კონსტანტინე ზუბალაშვილის სახალხო სახლი. კოტე მარჯანიშვილის ქ. N8), ათიოდე წლის წინ ჩატარებული უხეირო რესტავრაციის გარდა, მთავარ ფასადზე იტალიური კაფე-რესტორანი „მარჯანოვ-ექსპრესი“ მიუშენა თეატრის ხელმძღვანელობამ. დეკორირებული ლითონის კონსტრუქციით შეკრული ნაგებობა, პარიზის მეტროს ცნობილი არქტიტექტორის, ჰექტორ გიმარის მდარე მიბაძვით გაკეთდა. რამდენიმე წლის შემდეგ კაფეს ფართი კიდევ უფრო გაზარდეს და მისმა ფასადმა ახლა უკვე თეატრის ღობემდე გადმოიწია (იხ. ფოტო 11).  სახელიც ჯერ  „რედ კაფეთი“ შეეცვალა,  ახლა კი „მარჯანიშვილის 8“ ჰქვია, რომლის სტუმრებიც, სავარაუდოდ, ის ჩვენი მოხელეებიც არიან, ძეგლთა დაცვა რომ ევალებათ.

11. თბილისი. კოტე მარჯანიშვილი ქ. N8. 2019 წ.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მქონეა აგრეთვე ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა თბილისში, გიორგი ლეონიძის ქ. N3-ში, რომელსაც მესამე სართული დააშენეს საბჭოთა პერიოდში და ამით მთლიანად დააკნინეს სახლის მთავარი ფასადი (იხ ფოტო 12). ეს შენობა შემდეგ უკვე   დამოუკიდებელი საქართველოს რესტავრატორებმა „აღადგინეს“ –  მისი ინტერიერი ავთენტურის მსგავსი მასალით შეცვალეს 2000-იან წლებში,  აგრეთვე მთლიანად გაანადგურეს პირველი სართულის თავდაპირველი ღიობები, ჩარჩოები, კარი, ლითონის მოაჯირები და ახალი ვიტრინები საკუთარი ფანტაზიით შექმნილი „მოდერნის სტილის“ ცხაურებით „შეამკეს“.

12. თბილისი. გიორგი ლეონიძის ქ. N3. 2005წ.

ამ შენობის მორიგი „რესტავრაცია“ გასულ წელს დაიწყო და  ახლაც მიმდინარეობს. ის სახელმწიფო საკუთრებაა და სარემონტო სამუშაოებიც  საბიუჯეტო სახსრებით ხორციელდება, თუმცა არავინ ფიქრობს, ავთენტურობა დაუბრუნოს ფასადს – მოხსნას დაშენებული სართული და უწინდელი ბალუსტრადა აღადგინოს პარაპეტზე. ამბობენ, რომ  მალე იქ ბინას დაიდებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თუ ასე სჭირდება მესამე სართულის სადარი ფართი, ეზოს  მხრიდანაც შეუძლია მიიმატოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკითხი არც კი განიხილება. არადა, აღდგენის შემთხვევაში სამკითხაო არაფერი გვაქვს, არსებობს რამდენიმე ძველი ფოტო, სადაც კარგად ჩანს, როგორი იყო ეს შენობა გადაკეთებამდე (იხ ფოტო 13).

13. თბილისი. გიორგი ლეონიძის ქ. N3. 1910-იანი წლები

თუ, მაგალითად, „საქართველოს ბანკის“ ან „თიბისი“ ბანკის ოფისების „რესტავრაციის“ კანონიერი კონტროლი კერძო ბიზნესთან დაპირისპირების მიზეზით იქნებოდა მონათლული, და შესაბამისად, „პრობლემური“, რა უშლის ხელს სახელმწიფოს თავისი საკუთარი შენობების (კოტე მარჯანიშვილის თეატრი და  ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა) დაცვასა და სწორ რესტავრაციაში? ძეგლთა დაზიანების ყველა აღნიშნული მაგალითი ხომ ცალსახად კანონის უხეში დარღვევაა (საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. თავი VI, მუხლი 23, მუხლი 26, პუნქტი 2), რაც, ამავე კანონის მიხედვით,  სისხლისსამართებლივ პასუხისმგებლობასაც  ითვალისწინებს  (თავი VI, მუხლი 31). რატომ არ ახორციელებს კანონით მინიჭებულ მოვალეობას ის სახელმწიფო სტუქტურები, ვისაც ძეგლთა დაცვა ევალება და ვის  ხელფასებსაც ჩვენ, გადასახადების გადამხდელები ვიხდით?

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მათი დეტალების  დაზიანებას არც ამ შენობებში მცხოვრები ჩვენი მოქალქეები აკლებენ ხელს. ათი წლის წინ თბილისის მერიამ მოდერნის სტილის გამორჩეული შენობის ეზოს მხარეს არსებული ულამაზესი ხვეული კიბე ახლით შეცვალა (დავით თორაძის პირველი ჩიხი N3) მაცხოვრებელთა თხოვნით (იხ. ფოტო 14, 15)

14. თბილისი. დავით თორაძის ქ. პირველი ჩიხი N3. 2006წ.

15. თბილისი. დავით თორაძის ქ. პირველი ჩიხი N3. 2009წ.

რამდენიმე წლის წინ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით აღადგინეს მოდერნის სტილის კინოთეატრების ფასადები – ერთი თბილისში და ორი ქუთაისში, თუმცა თბილისის  ყოფილ „გლობუსსა“ (საბჭოთა დროს „კომკავშირელი“) და ქუთაისის „რადიუმში“ (იხ. ფოტო 16) მაღაზიები მოაწყვეს, ხოლო  „მონ-პლესირის“ ფასადი ქუთაისის ორ ქუჩას შორის დამაკავშირებელ გამჭოლ თაღად აქციეს (იხ. ფოტო 17). ასეთ ფონზე ნამდვილად სასიხარულოა, რომ ბათუმში აღდგენილი ძველი კინოთეატრი „აპოლო“  – კვლავ თავის ფუნქციას ასრულებს.

1. ქუთაისი. ყოფილი კინოთეატრი „რადიუმი“

1. ქუთაისი. ყოფილი კინოთეატრი „მონ-პლესირ“

აქვე შევჩერდებით ბოლო წლებში რამდენიმე, შედარებით კარგად რესტავრირებულ მაგალითზე, თუმცა საფუძვლიანი შეცდომების დაშვება აქაც ხდება და აუცილებელია ამასაც მიექცეს ყურადღება: თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით რამდენიმე  სადარბაზოში სრულად აღდგა ძველი მხატვრობა (გალაკტიონის ქ. N18, დავით აღმაშენებლის გამზ. N36), თუმცა სადარბაზოს კიბის ლითონის მოაჯირების თავდაპირველი ფერის დადგენა და ამის საფუძველზე რესტავრაცია არ განხორციელდა და ის მთლიანად ერთ ფერში შეიღება.

18. თბილისი. მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. N133. 2007 წლის ფოტო

მოდერნის სტილით ნაგებ სახლებში (და, სავარაუდოდ, ეკლექტურ არქიტექტურაშიც) არსებული ლითონის დეტალები – მოაჯირები, აივნები, კარები და ცხაურები,  სულ სხვადასხვა ფერში კეთდებოდა. ამის სამეცნიერო შესწავლა ავსტრიელმა რესტავრატორებმა თბილისში ჯერ კიდევ 2005 წელს განახორციელეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მოთხოვნით. იმ წლებში ორი მოდერნული სახლის ალაყაფის კარის რესტავრაციაც ჩატარდა (ლადო ასათიანის ქ. N38 და გალაკტიონის  ქ. N3/5). ავსტრიელებმა მოდერნის რამდენიმე სახლის უკვე გამოკვლეული და დადგენილი ფერების ამსახველი მასალაც დაგვიტოვეს (მაგ. გალაკტიონის 18), თუმცა, სამწუხაროდ,  სადარბაზოს რესტავრაციისას ეს არავინ გაითვალისწინა.

მოდერნის მემკვიდრეობით და, მით უმეტეს, არქიტექტურით დღეს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ამაყობს და აქტიურად ეწევა მის დაცვასა და პოპულარიზაციას. ამ სტილის შენობები საქართველოში 1901 წლიდან ჩნდება. ინფორმაცია ახალი სტილის შესახებ საქართველოში სწრაფად შემოდიოდა შავი ზღვის წყალობით და ის აზრი, რომ ყველაფერი ევროპული ჩვენთან მხოლოდ რუსეთის გავლით ხვდებოდა –  სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. იმპერიის როლი გადამწყვეტი არ იყო ჩვენი ქვეყნის „ევროპიზაციის“ საქმეში. ქვეყნის გაევროპელობაში ძირითადი დატვირთვა მაშინ საზოგადოებამ იტვირთა – ხალხმა და მისმა საუკეთესო შვილებმა; მათ, ვისაც ქართული არქიტექტურის საუკეთესო მკვლევრის, ვახტანგ ბერიძის თქმით, ყველაზე მეტად ესადაგება ნიკოლოზ ბარათაშვილის ფრაზა: „ქართველთ არ სძინავთ გონებით“. ევროპისკენ გზაგახსნილი საზოგადოება თავად იყო ახალი მოდის, წესებისა თუ ნაირგვარი სიახლის ქვეყანაში შემომტანი და გამავრცელებელი.

მოდერნის შექმნა-გავრცელება მაშინდელი ევროპის კვალდაკვალ სიარულს და გარკვეულწილად მასთან პროფესიონალურ შეჯიბრებითობას გულიხმობდა. მისი დანერგვა და განვითარება პირდაპირ ეხმაურებოდა ჩვენ  მუდმივ მისწრაფებას – საკუთარი შესაძლებლობებით,  კულტურითა და ხელოვნებით ევროპის თანასწორ, თავისუფალ ქვეყნად გვეგრძნო თავი. არქიტექტურის შექმნაში დამკვეთსაც – მოსახლეობასაც დიდი წვლილი მიუძღვის. თავისუფლებას მოწყურებულ ხალხს  მოდერნი საშუალებას აძლევდა საერთო ევროპულ პროცესში ჩასართავად და სასიხარულოა, რომ ეს ნამდვილი შემოქმედება იყო და არა მექანიკური გამეორება.

საცხოვრებელი სახლებისა და ბანკების გარდა,1901-1918 წლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოდერნის სტილით აშენდა საავადმყოფო, სამშობიარო, კონსერვატორია (მცირე დარბაზის ინტერიერი), მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები, ბიბლიოთეკა და ეტლების სადგომი, ორანჟერეა, სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები, სახელოსნოები, თამბაქოს ფაბრიკა, თბოელექტროსადგური, მაგნიტური ობსერვატორია. შესანიშნავი მემორიალური ძეგლებია დაცული ძველ, ისტორიულ სასაფლაოებზეც.

მოდერნის სტილი აირჩიეს საკუთარი საცხოვრებელი სახლებისათვის ცნობილმა ქართველებმა: ილია ჭავჭავაძემ და დავით სარაჯიშვილმა თბილისში, ნიკო ნიკოლაძემ – სოფელ დიდ ჯიხაიშში, აფხაზეთის პრინცმა გიორგი შარვაშიძემ – სოხუმში, აკაკი ხოშტარიამ – სოფელ სუჯუნაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოდერნი საზოგადოების მხოლოდ შეძლებული ფენისთვის არ გახდა ხელმისაწვდომი. აქ მას თითქმის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელთა შენობებში ვხვდებით და არამხოლოდ ქალაქებში –  მისმა დეკორმა რაჭის სოფლების მოხარატებულ აივნებშიც ჰპოვა ასახვა.

საბჭოთა დროს მოდერნის სტილის არქიტექტურის კვლევა და შესწავლა არ განხორციელდა, მას დეკადენტურ და ბურჟუაზიულ მოვლენად თვლიდნენ კომუნისტები, თუმცა, ჩვენი საამაყო მეცნიერების დამსახურებით, რამდენიმე გამორჩეულ შენობას ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან აქვს მინიჭებული ადგილობრივი, ზოგს კი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

მოდერნის არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციის მასშტაბური სამუშაოები 1997 წლიდან დავიწყეთ. დავაარსეთ „საქართველოს მოდერნის დაცვის ჯგუფი“ (რომლის იურიდიული სამართლმემკვიდრე დღეს არის „საქართველოს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი“) და ჩავატარეთ საინვენტარიზაციო სამუშაოები მოდერნის მემკვიდრეობის გამოვლენის და შესწავლის მიზნით.  ჩვენ მიერ გაგზავნილმა მასალებმა გაიარა საერთაშორისო ექსპერტიზა და   2002 წელს მსოფლიო ძეგლთა ორგანიზაციამ (WORLD MONUMENTS WATCH. USA) ჩვენი მოდერნის არქიტექტურა  ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი და დუშეთი –  შეიტანა 100 ყველაზე დაზიანებულ ძეგლთა სიაში: 100 Most Endangered Sites. Art Nouveau  Buildings in the Republic of Georgia. WORLD MONUMENTS WATCH. USA.

2003 წელს მსოფლიო ძეგლთა ფონდმა (WORLD MONUMENTS FUND. USA) საკუთარ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია საქართველოს მოდერნის შესახებ და 2004 წელს თავის ჟურნალში სპეციალური სტატია მიუძღვნა საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობას: Romey, Kristin. Bourgeois Dreams. ICON. WORLD MONUMENTS FUND. USA. 2004.

დღეს ჩვენ პარტნიორები ვართ მოდერნის ორი საერთაშორისო ორგანიზაციისა: მოდერნის ქსელი. ბრიუსელი, ბელგია –   Réseau Art Nouveau Network. Brussels, Belgium და მოდერნის ევროპული მარშრუტი. ბარსელონა, ესპანეთი  – Art Nouveau European Route at the Institut Municipal del Paisatge Urba i la Qualitat de Vida. Barcelona, Spain; ჩვენი მოდერნის არქიტექტურის ფოტოები და ისტორია განთავსებულია ამ ორგანიზაციების ვებგვერდებზე და საერთაშორისო საზოგადოების ფართო წრეებისათვის არის ხელმისაწვდომი.

მაგრამ რა ხდება ახლა ამ ძეგლების თავს, როგორ ვუვლით ჩვენ ევროპულ მემკვიდრეობას? მაშინ,  როცა საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარეობს მოდერნის მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტის მომზადება, რომელიც მალე განთავსდება მათ ვებგვერდზე  (მომავალ წელს კი განზრახულია ამ მარშრუტის ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტთან მიერთება); როცა უკანასკნელ წლებში ევროპელ ტურისტებზე მომუშავე ადგილობრივი თუ  უცხოური კომპანიები აქტიურად ინტერესდებიან კონკრეტულად მოდერნის არქიტექტურული ტურების დანერგვით – ეს მემკვიდრეობა კვლავ საფრთხეშია, არ ხორციელდება მისი სრულფასოვანი დაცვა და სარესტავრაციო სამუშაოებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, მოდერნის რამდენიმე გამორჩეული შენობა უკვე უმძიმეს ტექნიკურ მდგომარეობაშია ბათუმში, ბორჯომში, ფოთში, ქობულეთში, ჩაქვში, ქუთაისში.  სასწრაფო შველა სჭირდება კარსნის ობსერვატორიას, თბილისის თამბაქოს ფაბრიკას (მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. N125) და თბოელექტროსადგურს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.

საქართველოს მოდერნის მემკვიდრეობა განადგურების სერიოზული საფრთხის ქვეშაა და დროული ჩარევის  გარეშე მათგან მხოლოდ ფოტოები დაგვრჩება,  ისე, როგორც ეს ერთი ულამაზესი კარის (მიხეილ წინამძღვრიშვილის ქ. N133. იხ. ფოტო N18 ) შემთხვევაში მოხდა რამდენიმე წლის წინ – დაახლოებით 100 წლის შემდეგ, რაც მოდერნის სტილი გავრცელდა საქართველოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი