ახალი ამბები

არასრულწლოვნის გაუპატიურება შესაძლოა უვადო პატიმრობით დაისაჯოს

25 თებერვალი, 2019 • 1667
არასრულწლოვნის გაუპატიურება შესაძლოა უვადო პატიმრობით დაისაჯოს

არასრულწლოვანის გაუპატიურება შესაძლოა უვადო პატიმრობით დაისაჯოს. შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობას განსახილველად უკვე გაეგზავნა.

2019 წლის 12 თებერვალს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ შსს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, აღმოფხვრის მიზნით მთავრობას ახალ ცვლილებებს შესთავაზებს. მისივე თქმით, კანონპროექტი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა სპეციალური ბაზის შექმნას ითვალისწინებს შსს-ში.

“2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

ზემოაღნიშნულის გარდა, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს,” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი