ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ უნდა ვიმუშაოთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე და არა მოგვარებაზე?

25 თებერვალი, 2019 • 7495
რატომ უნდა ვიმუშაოთ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე და არა მოგვარებაზე?

ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობის და კონფლიქტების მკვლევარი


არსებობს ასეთი წიგნი – “მუსიკა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია: ჰარმონია და დისონანსი გეოპოლიტიკაში”, ოლივიერ ურბაინის რედაქტორობით. 2016 წელს ჩემმა ლიბანელმა კურსელმა მაჩუქა. წიგნი გვიამბობს მუსიკის დახმარებით გარდაქმნილი კონფლიქტების შესახებ, ადამიანების სახეცვლილ წარმოდგენებსა და დამოკიდებულებებს განიხილავს, კონფლიქტის ტრანსფორმაციული მიდგომის უნიკალურ შესაძლებლობებზე მსჯელობს.

გაჭიანურებული კონფლიქტების სიმრავლემ, კონფლიქტის მოგვარებაზე ორიენტირებული მიდგომების პარალელურად, მსჯელობა გაააქტიურა კონფლიქტის ტრანსფორმაციული მიდგომების შესახებაც. აშკარა გახდა, რომ ზოგიერთი კონფლიქტის შემთხვევაში, მხარეები მანამ ვერ მორიგდებოდნენ, სანამ კონფლიქტის ფორმისა და შინაარსის მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლიდნენ. ტრანსფორმაციული მიდგომა კონფლიქტის მოგვარების მიღმა იყურება. ვთქვათ, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს – როგორ მოახერხებენ თანაცხოვრებას? ექნებათ კი ერთმანეთის ნდობა?

კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის შესახებ ბევრი მკვლევარი და პრაქტიკოსი მუშაობს. მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაცია მოგვარების მრავალსაფეხურიანი პროცესის ერთ-ერთი ეტაპია, მეორე ნაწილი კი კონფლიქტის ტრანსფორმაციას თვითმყოფად მიდგომად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ ზოგიერთი კონფლიქტის შემთხვევაში მოგვარება მანამ არ დადგება დღის წესრიგში, სანამ კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოებები მის ტრანსფორმაციას არ მიაღწევენ.

კონფლიქტის მოგვარებასა და ტრანსფორმაციაზე, როგორც ერთმანეთისგან განსხვავებულ და თვითმყოფად მიდგომებზე, განსაკუთრებით საინტერესოდ მსჯელობს ამერიკელი მკვლევარი და თეორეტიკოსი, ჯონ პოლ ლედერახი, თავის წიგნში “მცირე წიგნი კონფლიქტის ტრანსფორმაციის შესახებ”. სინამდვილეში, არც წიგნი და არც მსჯელობა არაა მცირე, პირიქით, საკმაოდ ღრმა და საინტერესო დისკუსიას გვთავაზობს კონფლიქტის ტრანსფორმაციის, როგორც თვითმყოფადი მიდგომის შესახებ.

ჯონ პოლ ლედერახი რამდენიმე მაჩვენებელს გამოყოფს, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის მიდგომებს შორის აშკარა განსხვავებებზე მიუთითებს. ეს მაჩვენებლებია – შეკითხვა, მიზანი, პროცესის მონაწილეები, ვადები და კონფლიქტის აღქმა. მარტივად რომ ვთქვათ, ის, თუ როგორ აღვიქვამთ კონფლიქტს, რა შეკითხვებს ვსვამთ, რომელ საკითხებზე ვკონცენტრირდებით, რა მეთოდებს ვირჩევთ და რა ვადებზე ვთვლით ქმედებებს, გვპასუხობს შეკითხვაზე – კონფლიქტის მოგვარებაზეა პროცესი ორიენტირებული თუ ტრანსფორმაციაზე?

საინტერესოა, რას გულისხმობს კონფლიქტის მოგვარება და რას- ტრანსფორმაცია ქართულ რეალობაში, ქმნის თუ არა კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მუშაობა გაცილებით იმედიან სამუშაო პირობებს? აქვე ისიც არის აღსანიშნავი, რომ ბოლო წლებში ბევრმა ორგანიზაციამ თუ კონკრეტულმა პირმა სწორედაც რომ კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მუშაობა დააყენა დღის წესრიგში და კონფლიქტის მოგვარება დროებით მაინც გადადო გვერდით. შესაბამისად, ჩემი მსჯელობით მინდა მათი გადაწყვეტილების სიზუსტესაც გავუსვა ხაზი და არგუმენტებიც მივაშველო, თუ რას გულისხმობს და რატომ არის კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მუშაობა გაცილებით საჭირო და დროული.

ცხრილი #1: განსხვავებები კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის მიდგომებს შორის, ჯონ პოლ ლედერახის მიხედვით.

თუკი ზემოთ აღნიშნულ თეორიულ მსჯელობას ქართულ კონტექსტში გადმოვიტანთ, დავინახავთ, რომ კონფლიქტის მოგვარება მთელ რიგ “წითელ ხაზებთან” და დიალოგის ჩიხში შესულ პროცესებთან არის დაკავშირებული. შეკითხვაზე – როდისაა კონფლიქტი მოგვარებული – აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პასუხები აქვთ. აფხაზებისთვის კონფლიქტი მაშინ არის მოგვარებული, როდესაც დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. ოსებისთვის მოგვარებული კონფლიქტი ნაკლებად ამბიციურ, ჩრდილოეთ ოსეთთან/ რუსეთთან შეერთების გეგმას უკავშირდება. ქართველებისთვის კი კონფლიქტის მოგვარება აუცილებლად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გადის.

კონფლიქტის მოგვარების დამადასტურებელი მთავარი ინდიკატორი – ხელმოწერილი შეთანხმების მიღწევაც ოცნებას ჰგავს, რადგან მუდმივად უკავშირდება სტატუსის საკითხს. კონფლიქტში ჩართული მხარეები ხელშეკრულებაში ჩასაწერ კონკრეტულ ტექსტზე რომც შეთანხმდნენ, გაურკვეველია, ვინ უნდა მოაწეროს ხელი- აფხაზებმა, ოსებმა, თუ რუსებმა?

გარდა ამისა, კონფლიქტის მოგვარება აუცილებლად საჭიროებს მესამე მხარის ჩარევას, შეთანხმების მიღწევის პროცესის მედიაცასა და ფასილიტაციას. ქართულ რეალობაში კი მესამე მხარის ჩართულობას (იგულისხმება რუსეთი) ნამდვილად არ აქვს კონსტრუქციული ფორმატი და მუდმივად გაუთვალისწინებელ და პროცესის დამთრგუნავ ჩარევებს უკავშირდება. აქვე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა უფრო მეტად იწვევს საზოგადოების იმედგაცრუებას, რადგან ცდილობს კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული ვადები დაასახელოს, ან კონკრეტული ვადების არსებობის ილუზია მაინც შექმნას.

განსხვავებით კონფლიქტის მოგვარებისგან, ტრანსფორმაცია გაცილებით მოქნილი მიდგომაა. მაგალითად, საქართველოს ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების შემთხვევაში, ტრანსფორმაცია სულაც არ გულისხმობს ნულოვანი ჯამის თამაშს. კერძოდ, სრულიად შესაძლებელია, დღევანდელი, ერთი შეხედვით, გამოუვალი მდგომარეობის ფონზეც კი – ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს – კონფლიქტის ტრანსფორმაციის საერთო ან გარკვეულ ასპექტებში გაზიარებული ხედვა ჰქონდეთ.

საჭიროა კონფლიქტის ემოციური სიმძიმის განეიტრალება და საზოგადოებაში ფესვგადგმული ხედვის კრიტიკულად გააზრება როგორც ქართული, ისე აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის. აქ დავა პრიორიტეტებსა და პირველობაზე შეიძლება იყოს. რომელმა საზოგადოებამ უნდა “ითავოს” წარსულის კრიტიკული გააზრება, გადახედოს საზოგადოებაში ფესვგადგმულ წარმოდგენებს კონფლიქტის სიღრმისეული ფესვების, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

კონფლიქტის ტრანსფორმაცია, განსხვავებით მოგვარებისგან, არ საჭიროებს ხელმოწერილ შეთანხმებას, როგორც კონფლიქტის სახეცვლილების დადასტურებას, რადგან ტრანსფორმაცია ორიენტირებული არის პროცესზე და არა შედეგზე. ყურადღებას ამახვილებს მეთოდებზე, რომლებიც კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისთვის, თანაცხოვრებისთვისაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობის აღდგენა, ერთი შეხედვით, ბუნდოვანი პროცესია და ბევრ კითხვას აჩენს, კერძოდ, როგორ, რატომ, ვისი ჩართულობით შეიძლება და უნდა აღდგეს ურთიერთობა, ეს უკანასკნელი  საზოგადოების შიდა გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული პროცესია.

ქართულ რეალობაში კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომები სიმძიმის ცენტრს შიდა რესურსებზე გადმოიტანს და ნაკლებად მგრძნობიარე იქნება გარე ჩარევების მიმართ; სკეპტიკურად შეხედავს რუსული ფაქტორის საყოველთაოობის განცდას (რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს და დააკნინებს მას) და ფრთხილად მიუდგება მომავალი ახალი წლის სოხუმსა და ცხინვალში აღნიშვნის შესახებ ინფორმაციით გამოწვეულ საყოველთაო აღტაცებას.

მოქნილობასთან ერთად კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიდგომებს ოპტიმიზმიც ახასიათებს. მაგალითისთვის, მიუღწეველ შეთანხმებას ტრაგედიად არ აღიქვამს. არ ფიქრობს, რომ თუ კონფლიქტი 25 წელზე მეტია ვერ მოგვარდა, აწი რაღა მოაგვარებს. რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, კონფლიქტის ტრანსფორმაცია, როგორც მიდგომა, არ ეძებს “დამნაშავეებს”. კონფლიქტის მოუგვარებლობას არ აბრალებს კონკრეტულ პირებსა და ორგანიზაციებს. რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, პროცესზე ამახვილებს ყურადღებას და თითოეული მოქალაქის როლსა და პასუხისმგებლობას ხედავს. იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აფხაზი მინისტრის, დაურ კოვეს ფეისბუქ-პოსტის “დაჰაჰავებით” იწყება, აფხაზურ დროშიანი მაისურის ჩაცმაზე გადის და საუბარში დე ფაქტოს ჩანაცვლების საჭიროებაზე ჩერდება.

ქართულ რეალობაში, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფლიქტის ტრანსფორმაციული მიდგომაა მისი მოგვარების წინაპირობაც და მშვიდობიანი თანაცხოვრების შენარჩუნების შესაძლებლობაც. კონფლიქტის ტრანსფორმაცია ხომ ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომაა და პროცესში მათ მონაწილეობას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. შესაბამისად, კონფლიქტის ტრანსფორმაციის შემდეგ ნდობა და თანაცხოვრება გაცილებით მარტივია.

წიგნში “მუსიკა და კონფლიქტის ტრანსფორმაცია”  ოლივიერ ურბაინი წერს: “კონფლიქტს ვერც იდეალურად მოწყობილ საზოგადოებაში ავიცილებთ თავიდან, შესაბამისად, საჭიროა, მისი კონსტრუქციულად გარდაქმნა ვისწავლოთ”. საქართველოს ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებაც მათ ტრანსფორმაციაზე (გარდაქმნაზე) გადის; კონფლიქტის ემოციური ფონის განეიტრალებაზე, მის შესახებ ჩვენი ფიქრისა და წარმოდგენის ცვლილებაზე, კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიული ხედვის ჩამოყალიბებაზე; კიდევ ბევრ სხვა საკითხზე, რომელსაც საზოგადოების ფართო მასების მონდომება და მხარდაჭერა სჭირდება და არა მხოლოდ რუსეთის ფაქტორის მოხსნა.

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი