“ინსპექტორს” მეთოფიშვილის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება “კოალიცია თანასწორობისთვის” მოუწოდებს სასამართლოების დამოუკიდებელ ინსპექტორს, საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს.

მოთხოვნის საფუძველი, კოალიციის თანახმად, “დისკრიმინაციული და სტიგმის გამაღრმავებელი მოსაზრების გამოთქმა” გახდა: მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა წინა კვირას ფეისბუკზე სალანძღავ კონტექსტში გამოიყენა სიტყვათშეთანხმება “ფსიქიკური ჯანმრთელობა და გონებრივი პათალოგიები”. მაგალითად, 18 თებერვალს, სასამართლო სისტემის შესახებ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას, მეთოფიშვილმა ფეისბუკზე ასეთი რამ დაწერა:

“კვლევა [რომელიც სასამართლო სისტემას ეხება], ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და მსოფლიოში აღიარებულმა ორგანიზაციამ… აღნიშნულ ფაქტორს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ამ კვლევის სანდოობას ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენებს! მე არ ვგულისხმობ უნამუსო და უღირს მატყუარებს, ადამიანებს ფსიქიკური დარღვევებით ან გონებრივი პათალოგიებით“.

“კოალიცია თანასწორობისთვის” ამ მოსაზრებასა და ფორმულირებას “სტერეოტიპულ, სტიგმის გამაძლიერებელ და ღირსების შემლახველ მოსაზრებას” უწოდებს და დამოუკიდებელ ინსპექტორს მოუწოდებს, საკითხი შეისწავლოს.

საერთო სასამართლოებში მოქმედი დამოუკიდებელი ინსპექტორი მოსამართლეების დისციპლინურ პასუხისმგებლობას სწავლობს და დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება ევალება; 2017 წლიდან ინსპექტორის პოსტს იურისტი ქეთევან ცინცაძე იკავებს.

რას ედავებიან მეთოფიშვილს?

კოალიციის თანახმად, მეთოფიშვილმა ფსიქოსოციალური საჭიროება გაათანაბრა ისეთ უარყოფით ადამიანურ თვისებასთან, როგორიც ტყუილია და ამით ხელი შეუწყო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.

კოალიცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის მიერ გაკეთებული შეფასება “უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან აღრმავებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და ახალისებს არაეთიკურ, ხშირად სასტიკ დამოკიდებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ”.

“ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანები წლებია განიცდიან უდიდეს ზეწოლას და გარიყულნი არიან საზოგადოების მხრიდან, რაც განპირობებულია სწორედ ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და მისი უფლებების პატივისცემაზე არაორიენტირებული მიდგომებისა და პოლიტიკის არსებობით. სტიგმატიზირებული ჯგუფების გარანტს დარღვეული უფლების აღდგენის მიმართულებით სწორედ სასამართლო კორპუსი წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი, მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი თავად გვევლინება საზოგადოებაში ფესვგადგმული სტიგმის წამახალისებლად, რაც უკიდურესად საგანგაშოა”, – წერს კოალიცია.

არასამთავრობოები მიუთითებენ, რომ “მოსამართლის ქცევა, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ისე სხვა საქმიანობის განხორციელების დროს, წარმოადგენს საზოგადოების სასამართლოსადმი ნდობის და სასამართლო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საფუძველს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხს მიეცეს სათანადო რეაგირება”.

კოალიციას არგუმენტად მოჰყავს კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ და სამოსამართლო ეთიკის წესები, რომელთა თანახმადაც:

“მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევა. ხოლო სამოსამართლო ეთიკის წესების თანახმად, მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლოს შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად. მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია”.

რას ამბობს მეთოფიშვილი?

ნეტგაზეთმა 19 თებერვალს მეთოფიშვილთან კომენტარის ჩაწერა სცადა განმარტებებისთვის, თუმცა ჩვენს ზარს და შეტყობინებებს არ უპასუხა. იმავე დღეს იუსტიციის საბჭოს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

მოგვიანებით მეთოფიშვილმა 18 თებერვლის ეს პოსტი ჩაასწორა, წაშალა საკამათო სიტყვები და დატოვა ფორმულირება “მე არ ვგულისხმობ უნამუსო და უღირს მატყუარებს”. თუმცა ფეისბუკის გვერდზე, “მინდა ვენდო სასამართლოს”, გამოქვეყნებულ  ვიდეორგოლზე გაკეთებული კომენტარი კვლავ შეიცავს სადავო ფორმულირებას. ამასთან, მეთოფიშვილმა 20 თებერვალს იგივე ტექსტი თავიდან დაპოსტა.


“კოალიცია თანასწორობისთვის” 2014 წელს შეიქმნა ქვეყანაში თანასწორობის პოლიტიკის შესწავლის, ადვოკატირებისა და სხვადასხვა ჯგუფების გაძლიერებისა და სამართლებრივი დახმარების მიზნით.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური აშლილობა, რომლებიც სხვადასხვანაირად იჩენს თავს; ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად კი, საზოგადოებაში არსებული სტიგმა ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად ხელს უშლის, მიიღონ ქვეყანაში არსებული სერვისები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com