ახალი ამბებისამართალი

თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ მორიგ შიმშილობას აანონსებს

25 თებერვალი, 2019 • 2738
თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ მორიგ შიმშილობას აანონსებს

თამაზ ახობაძე, რომელიცნ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 4 წლის წინ ანა სუბელიანთან ერთად გაათავისუფლეს, უშედეგოს ელოდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. სწორედ ამიტომ, ის სამინისტროს ვადას 27 თებერვლის 14 საათამდე აძლევს და შიმშილობას აანონსებს.

თამაზ ახობაძის თქმით, განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა სასამართლოს სამივე ინსტანციაში ორჯერ მოიგო.

“მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ეს საქმე არის თაროზე შემოდებული. სსიპ-ი არც აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და არც ოფიციალურად, წერილობით უარს ამბობს აღსრულებაზე, რომ მე კიდევ სადმე განვაგრძო დავა.

არგუმენტად მოაქვთ, რომ არაერთხელ შემომთავაზეს მორიგება, რაც სიმართლეა. თუმცა, მორიგების დროს, მაშინ როცა მე ვარ გამარჯვებული, მთავაზოვბენ მხოლოდ მათთვის მისაღებ პირობას – ავიღო განაცდურის თანხა და უარი ვთქვა აღდგენაზე. მორიგებაზე წასვლა ამ შემთხვევაში, მაშინ როცა ორჯერ მაქვს მოგებული აღდგენაც და განაცდურიც, არის ჩემი კეთილი ნება და არა ვალდებულება. მე მაქვს მორიგებისთვის ჩემი შეთავაზებები: თუ ვერ აღმადგენენ იმ კონკრეტულ პოზიციაზე:

  • მომცენ განაცდური და აღმადგინონ სხვა პოზიციაზე;
  • ან მომცენ განაცდური და გადამიხადონ ვერ აღდგენის კომპენსაცია;
  • ან მომცენ განაცდური და მომიხადონ ბოდიში ჩემი უფლებების დარღვევის გამო.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი სამსახურიდან გაშვება უკანონო რომ იყო, ამას ვეღარ აპროტესტებს იუსტიციის სამინისტრო. ეს ფაქტი არის უდავო”, – აცხადებს თამაზ ახობაძე. მან განცხადება თავისი მოთხოვნის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დღეს, 25 თებერვალს გამოაქვეყნა.

“სამწუხაროდ, ეს საქმე არ არის იმდენად აქტუალური და, როგორც ჩანს, არც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს. არადა, საქმე ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არ-აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს არაფერი, ნული.

მე არ ვაპირებ, ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ ასე მარტივად დავნებდე. ოთხშაბათამდე ვაძლევ ვადას იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, რათა დავინახო მათი კონკრეტული ქმედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს, 14:00 საათზე, მივდივარ იუსტიციის სამინისტროში და ვითხოვ შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ სარჯველაძესთან, რომელიც არის დანაშაულის პრევენციის ცენტრის კურატორი. თუ არც რეაგირება იქნება და არც ბატონი მიხეილი არ შემხვდება, ვიწყებ შიმშილობას იუსტიციის სამინისტროს წინ. მოთხოვნა არის აპოლიტიკური და ვითხოვ ერთადერთ რამეს – აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება” , – აცხადებს თამაზ ახობაძე.

ის პარლამენტარებს მიმართავს, იუსტიციის სამინისტროსგან მოითხოვონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, მეტ ყურადღებას ითხოვს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ისე ოპოზიციისგან და მედიისგან.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ახობაძე მას მოუწოდებს, სრულად შეისწავლოს ეს საკითხი და დაიცვას მისი უფლებები.

ანა სუბელიანმა სამინისტროსთან დავა შეწყვიტა, თამაზ ახობაძე – აგრძელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი