ახალი ამბებიეკონომიკა

ბახტაძე: საქართველო Fitch-ის საკრედიტო რეიტინგში დაწინაურდა

25 თებერვალი, 2019 • 2415
ბახტაძე: საქართველო Fitch-ის საკრედიტო რეიტინგში დაწინაურდა

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო Fitch-ის საკრედიტო რეიტინგში დაწინაურდა. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება მიანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, რითაც ძლიერდება საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობა:

“ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში უკვე გვაქვს ნაკლები რისკები, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენ მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე დ,ა რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის დაძლევაზე”, – ამბობს პერმიერი.

ბახტაძის თქმით, საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იმპორტზე დამოკიდებულებაა, რაც თანდათან მცირდება:

“რა არგუმენტები არსებობდა იმისთვის, რომ Fitch-მა მიიღო ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება?! ჩვენ შევძელით და შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი ეკონომიკის ისტორიული პრობლემაა ის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მყარად და სწორად ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, ეს დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ.

სწორედ ეს დეფიციტი გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, გახლავთ ის, რომ შარშან, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ”, – ამბობს ბახტაძე.

მისი თქმით, Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა ჩვენს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა:

“Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა ჩვენს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, რაც ხელს უწყობს საბანკო ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და სხვა მაჩვენებლების ზრდას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა ის რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ჩვენს ეკონომიკაში და რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკურ სტაბილურობაზე, პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე.

Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა – საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს”, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქვეყანაში სიღარიბე კვლავ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება და არცერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკნონომიკური წინსვლა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული არ იქნება. ამიტომ, პრემიერის თქმით, მთავრობა ყურადღებას უთმობს ინკლუზიურ ზრდას:

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვრჩება, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყოფითი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადალახვაში დაგვეხმარება. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და რაც შეიძლება სწრაფად.

ჩვენთვის სიღარიბე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება და არცერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინკლუზიურ ზრდას და კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება” – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი