ახალი ამბები

არა ჰესებს გუდამაყარში – შავ არაგვზე ჰესების წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართა

24 თებერვალი, 2019 • 2752
არა ჰესებს გუდამაყარში – შავ არაგვზე ჰესების წინააღმდეგ თბილისში აქცია გაიმართა

დღეს, 24 თებერვალს მზიურის პარკში შავ არაგვზე ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე ხატია მაღლაფერიძე ამბობს, რომ ისინი არაგვის მილებში მოქცევას არ დაუშვებენ. მისი თქმითვე, ჰესის აშენება იქაურ ბუნებას გაანადგურებს, შესაბამისად, ადგილზე ტურიზმის განვითარების ერთადერთ საშუალებას მოსპობს.

გუდამაყრის ხეობაში, შავ არაგვზე, ორი ჰესის – “შავი არაგვი” და “შავ არაგვი 1” – აშენების ინიციატივა განიხილება . პროცესს შპს “სოლო ენერჯი” ახორციელებს.

მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე, დიდწილად,  მილსადენში მოექცევა, რაც უარყოფითად აისახება როგორც გარემოზე, ისე ადგილობრივთა ყოფაზე. კერძოდ, კამპანიის მონაწილეთა თქმით, შეიზღუდება შავი არაგვის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება, გადაადგილების პრობლემები შეექმნებათ მწყემსებს საძოვარ ტერიტორიებზე, რაც ხელს შეუწყობს ხეობის დაცლასა და მიგრაციას.

“გუდამაყრელები თვლიან, რომ ჰესის მშენებლობა ხეობის განვითარების გეგმა არ არის და ისინი ამ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. იქაური ახალგაზრდების ნაწილს ხეობაში დაბრუნების სურვილი აქვს. მათ სურთ იქ საოჯახო სასტუმროების გაკეთება და თუ გუდამაყარში მდინარე მილებში იქნება დამწყვდეული, წარმოუდგენელია იქ ტურისტი ჩავიდეს,”-ამბობს ხატია მაღლაფერიძე.

 

2019 წლის 11 იანვარს გუდამაყრის ხეობის სოფელ კიტოხში ე.წ. სკოპინგის ანგარიში განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი დაგეგმილი საქმიანობისა და გარემოზე ზემოქმედების მოკლე აღწერას, ასევე გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და მონიტორინგის პრინციპებს აერთიანებს.

“განხილვის შესახებ მოსახლეობას არ მიუღია სათანადო ინფორმაცია არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში, რომელიც ჰესის მოწინააღმდეგეებმა Manifest.ge-ზე განათავსეს. პეტიციას 5000 ადამიანი აწერს ხელს.

კომპანია “სოლო ენერჯის” დამფუძნებელი, გიორგი აფციაური, “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პროცესი ჯერ წინასწარი კვლევის ეტაპზეა და კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“პროცესი წინასწარი კვლევების ეტაპზეა. ჯერ უნდა ჩატარდეს უნდა დასრულდეს როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური კვლევები და ასევე, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომ რაღაც დასკვნა გამოვიტანოთ, შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი[მშენებლობა]. მხოლოდ შემდგომ შეიძლება ვიფიქროთ, გაგრძელდება პროექტის შედგენა თუ არ გაგრძელდება”, – აცხადებს ის.

აფციაური “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” უწოდებს ჰესების აშენების მოწინააღმდეგეთა გზავნილებს და კვლავ აღნიშნავს, რომ ჯერ შესწავლის პროცესიც არ არის დასრულებული.  კითხვაზე, გეგმის მიხედვით, არის თუ არა ჰესები დერივაციული და გულისხმობს თუ არა ეს შავი არაგვის მილებში მოქცევას, კომპანიის დამფუძნებელი პასუხობს:

“ვარაუდი ასეთია”.

ნეტგაზეთთან საუბრისას ხატია მაღლაფერიძე ამბობს, რომ ე.წ სკოპინგის ანგარიშის მომზადებისას წარმოუდგენელია აფციაურს არ ჰქონოდა გათვილილი იმ შესაძლო მოგების შესახებ, რასაც ამ ჰესებიდან მიიღებს. მისი თქმითვე, როცა კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე ექნება, პროტესტიც გართულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი