ახალი ამბები

მიტოვებენ უმძიმეს გადაწყვეტილებას – წავიდე ქვეყნიდან: დათუნაშვილი

23 თებერვალი, 2019 • 1395
მიტოვებენ უმძიმეს გადაწყვეტილებას – წავიდე ქვეყნიდან: დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი 23 თებერვალს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სხდომაზე მისი მთავარი მოთხოვნა, ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი არც კი განუხილავთ, რაც მას უტოვებს ერთადერთ არჩევანს: წავიდეს ქვეყნიდან.

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას:

გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღეს ფედერაციასთან მოსულ თითოეულ ადამიანს. ყველა თქვენგანისგან მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და მრავლისმთქმელია.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყოლია. ამის მიზეზი ისაა, რომ სხდომაზე არც გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხი და არც 11 იანვარს მომხდარი შემთხვევა არ განხილულა. ორი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი დარწმუნება, რომ შევრიგებულიყავი ფედერაციის პრეზიდენტთან. ბოდიში თავად გეგა გეგეშიძემაც მოიხადა. მე აღვნიშნე, რომ მის ბოდიშს არ ვიღებ და მან ჩადენილი საქციელის გამო თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი. მისი სინანული მთლიანად ეფუძნება სკამის შენარჩუნების მცდელობას, ასე რომ არ იყოს გადადგებოდა და ისე მოიბოდიშებდა, რასაც მეც, ბუნებრივია, მივიღებდი. მე ასევე მივიღებდი ბოდიშს ინცინდენტის შემდეგვე, თუნდაც მეორე-მესამე დღეს, თუმცა, ის არათუ ნანობდა რამეს, არამედ მას შემდეგაც, რაც საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო, კვლავ უარყოფთა. შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი დღევანდელი ბოდიში თანამდებობის შენარჩუნებისთვისაა ნათქვამი და ცინიკურია.

პრეზიდიუმის სხდომაზე ცალსახად აღვნიშნე, რომ მე ასეთ პრეზიდენტთან მუშაობა არ შემიძლია, ხოლო თუ თქვენ გსურთ – გყავდეთ, მაშინ მე წავალ ქვეყნიდან მიუხედავად იმისა, მომეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ აუწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ.

ანუ ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ თუნდაც ჩემს ქვეყნიდან წასვლაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

ამ თემის წამოწევით, ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე მსურს ქვეყნიდან წასვლა, რეალურად კი ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, თუ გეგეშიძე არ გადადგება, ხოლო თუ ის და მისი გარემოცვა ჩამოსცილდება ფედერაციას მე სადმე წასვლას აზრადაც არ გავივლებ.

მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას – წავიდე ქვეყნიდან. თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ.

რა შედეგით დასრულდა სხდომა ჭიდაობის ფედერაციაში

მასალების გადაბეჭდვის წესი