ახალი ამბები

მართლწესრიგის ოფიცრის 220 ვაკანსიაზე შსს-მ განცხადებების მიღება დაიწყო

23 თებერვალი, 2019 • 2679
მართლწესრიგის ოფიცრის 220 ვაკანსიაზე შსს-მ განცხადებების მიღება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების მორიგი ეტაპი დაიწყო. მართლწესრიგის ოფიცრის 220 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება შესაძლებელია hr.police.ge-ზე.

განცხადების შეტანის ბოლო ვადა 2019 წლის 3 მარტია.
მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობრივი სარგო 1465 ლარია.

„აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება. შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის შემთხვევაში, მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების [უბნების] მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, „მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით – მთელ საქართველოში დაინერგება“.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ვაკანსიებია ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტში: გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონულ სამმართველში – 10 ვაკანსია; გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოში – 4 ვაკანსია და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველოში – 10 ვაკანსია.

ამ ვაკანსიებზე განცხადების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 28 თებერვალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი