რატომ დატოვეს NGO-ებმა მოსამართლეთა განწესების კრიტერიუმებზე მსჯელობის ფორმატი

“კოალიცია მართლმსაჯულებისთვის”  ტოვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ სამუშაო ფორმატს, რომლის ფარგლებშიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების კრიტერიუმების შემუშავებაზე მსჯელობენ.

როგორც “ნეტგაზეთს” კოალიციის წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ უთხრა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართული ორი შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სასამართლო სისტემაში შექმნილ გამოწვევებს ვერ პასუხობს და მეტიც, ის ემსახურება სისტემაში არსებული გავლენის ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფუთვას.

მშვენიერაძის თქმით, შეთანხმება ვერ მოხდა არასამთავრობოებისთვის პრინციპული 5 საკითხიდან ვერც ერთზე. კერძოდ, როგორც GDI-ს ხელმძღვანელი აცხადებს, კანონპროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, ვიწროვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გახდეს:

“ჩვენთვის სამუშაო ჯგუფში ჩართვის მიზანი იყო, რომ მინიმუმ 5 პრინციპულ საკითხზე მიგვეღწია კონსენსუსითვის. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პირველ ეტაპზე გადმოგვეგზავნა პრინციპების დონეზე ჩამოწერილი დებულებები, რომლის ირგვლივაც გვქონდა დისკუსია. თუმცა, როდესაც სამუშაო შეხვედრაზე მივედით გუშინ, დაგვხვდა უკვე მომზადებული კანონპროექტი, რომლის ტექსტადაც აღებული იყო ჯერ კიდევ 27 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის დრაფტი, სადაც შესაბამისი შესწორებები იყო შეტანილი და ეს პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვაცნო, როგორც საკუთარი აპარატის მიერ მომზადეუბლი პირველადი დოკუმენტი.

ჩვენთვის რამდენიმე პრინციპული საკითხი იყო. პირველი, ეს შეეხება იმას, რომ კონკურში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს არა მარტო იმ პირებს, რომლებიც არიან მოქმედი მოსამართლეები ან ყოფილი მოსამართლეები, ან  ჩაბარებული აქვთ საკვალიფიკაციო გამოცდა, არამედ სისტემა გახსნილიყო სხვა იურისტებისთვის, პროფესიაში მყოფი პირებისთვის. კერძოდ, ჩვენ ვამბობდით, რომ ასეთი საშუალება უნდა ჰქონდეთ ადვოკატებს, რომლებიც პროფესიაში შესვლისას გადიან შესაბამის გამოცდას, ასევე შესაძლებელია ჰქონდეთ პროკურორებს, რომლებსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. თუმცა ამაზე გვქოდნა ერთგვარი წინააღმდეგობა როგორც საბჭოს მოსამართლე წევრებისგან, ასევე საბოლოოდ გამოჩნდა, რომ მათ იდეებს გულშემატკივრობდა პარლამენტის თავმჯდომარეც” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

მისი თქმით, მეორე საკითხი, რომელზეც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ე.წ. ფარდობითი კენჭისყრის თემა იყო. კერძოდ, მშვენიერაძის განმარტებით, კანდიდატების შერჩევის პირველ ეტაპზე უზენაესის მოსამართლეობის 45 მსურველს საბჭო ფარდობითი კენჭისყრით შეარჩევს:

“მეორე პრინციპული საკითხი გვქონდა ე.წ. ფარდობითი კენჭისყრის საკითხზე. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ პროექტში იყო ე.წ. ფარდობითი კენჭისყრა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა იმ პირთაგან, რომლებიც ფორმალურად დააკმაყოფილებდნენ მოსამართლისთვის დაწესებულ მოთხოვნებს და მიმართავდნენ საბჭოს, რათა ისინი ყოფილიყვნენ კანდიდატები, პირველ ეტაპზე ფარდობითი კენჭისყრით გამოარჩევდა საბჭო 45 კანდიდატს, რომელზეც გააგრძელებდა მსჯელობას. ოღონდ ეს ფარდობითი კენჭისყრა ისეთი ფორმულირებით იყო მოცემული, რომ კლანს, ანუ 11-კაციან ჯგუფს, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს, შეეძლოთ პირველივე ეტაპზე 45-ვე კანდიდატი დაეტოვებინათ სიაში, რომელიც მათთვის იყო მისაღები და გამოერიცხათ ის კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა დანარჩენი 3 წევრის მხარდაჭერით ესარგებლა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების წესს, ჩვენ ვითხოვდით, რომ ნომინირებისას გადაწყვეტილების მიღება არა საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ით უნდა მოხდეს, არამედ კონსენსუსი რომ არსებობდეს, გადაწყვეტილებას მხარი უდნა დაუჭიროს როგორც მოსამართლე წევრების 2/3-მა, ასევე არამოსამართლე წევრების 2/3-მაც. ამაზეც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა პრინციპული წინაღმდეგობა და ის ამბობდა, რომ დღეს საბჭოს 2/3-მა, ანუ 10-მა მოსამართლემ უნდა წარადგინოს კანდიდატები. ფაქტობრივად, კლანმა დღემდე რაც გააკეთა, ყველა არსებითი საკითხი ფაქტობრივად ისე რჩება ამ კანონპროექტით, როგორც მანამდე იყო. კონკურსში მონაწილეობის საშუალება ძალიან მცირე ჯგუფს ექნება, გადაწყვეტილებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით ისევ მიიღებს კლანი და ისევ მოხდება მათი ნომინირება პარლამენტში” ,- განმარტავს მშვენიერაძე.

GDI-ს ხელმძღვანელის თქმით, მესამე პრინციპული საკითხი კანდიდატების გასაუბრების პროცესს ეხებოდა. თუმცა ამჯერადაც, მშვენიერაძის თქმით, კობახიძესთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კერძოდ, კოალიცია ითხოვდა, რომ საბჭოს გადაწვყეტილება დასაბუთებული ყოფილიყო, კენჭისყრა კი- საჯარო:

“მესამე საკითხზეც, სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან თანხმობა ვერ მივიღეთ. ეს დაკავშირებული იყო ამ კანდიდატების გასაუბრების და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან. მათ შორის ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება და კენჭისყრა იყოს ღია, რათა ყველასთვის გასაგები იყოს, საბჭოს რომელი წევრი რა გადაწყვეტილებას იღებს ამა თუ იმ კანდიდატზე. ამაზეც მივიღეთ უარი და მოვისმინეთ, რომ ფარულობა უფრო უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას და კარგად ვხედავთ, როგორც არის დღეს მიუკერძოებელი საბჭო” ,- ამბობს მშვენიერაძე.

“კოალიცია მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არც ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად შემუშავებული რეკომენდაცია გაიზიარა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც უზენაესის მოსამართლეებად იქნებოდნენ ნომინირებულნი, უფლებამოსილება დროებით შეეჩრებინათ:

“კერძოდ, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თავად იქნებიან დასახელებული კანდიდატად, შეჩერებოდათ საბჭოს წევრობის უფლებამოსილება მათი საკითხის გადაწყვეტამდე. იმიტომ, რომ მათ ინტერესთა კონფლიქტი ექნებოდათ, მიეღოთ მონაწილეობა სხვების კენჭისყრაში მინიმუმ, საკუთარ კენჭისყრაში- თავისთავად. პარლამენტის თავმჯდომარე კი შეეცადა ყველანაირად დაემტკიცებინა, რომ ასეთი ინტერესთა კონფლიქტი დასაშვებია და შეუძლია საბჭოს ყველა წევრს, თუკი ის ნომინირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, თავის თავსაც კი მისცეს ხმა, ფაქტობრივად, ეს გამოვიდა მისი პოზიციიდან, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო”, – ამბობს მშვენიერაძე.

მისი განცხადებით, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკანონმდებლო ორგანოს სიას წარუდგენს, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა მოხდეს კანდიდატების ბიოგრაფიების შესწავლა და ამის შემდგომ კომიტეტზე განხილვა. თუმცა, მშვენიერაძის განცხადებით, დოკუმენტში ამაზე არაფერია ნათქვამი, რაც იურისტს უჩენს ეჭვს, რომ არც ეს ნორმა შესრულდება:

“კიდევ ერთი საკითხი იყო პარლამენტში, რა მოხდება, როდესაც ეს სია მოდის. დღეს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას და ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა მოხდეს შესწავლა კანდიდატების ბიოგრაფიების და შემდგომ -უკვე კომიტეტზე განხილვა. ამაზე პარლამენტის თავმდჯოამრემ პასუხს თავი აარიდა იმიტომ, რომ წარმოდგენილ პროექტში ამაზე არაფერია ნათქვამი და შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამასაც აღარ აპირებს პარლამენტი და მხოლოდ კომიტეტზე განხილვას გეგმავს სამუშაო ჯგუფის გარეშე, რომელშიც უნდა ყოფილიყო სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილი”, – ამბობს ის.

როგორც გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, “კოალიციამ მართლმსაჯულებისთვის” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს და სამუშაო ჯგუფი დატოვა:

“კოალიციამ მართლმსაჯულებისთვის”, ჩავთვალეთ, რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ ფორმატში დარჩენას და ყველა ფუნდამენტური საკითხი, რომელიც დააბალანსებს დღეს შექმნილ ვითარებას, ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეუძლებელია იქნას მიღწეული, რადგან, როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის თავმჯდომარე ერთგვარი კოსმეტიკით არის დაკავებული, რათა ეს პროცედურები, საბოლოო ჯამში, იყოს კლანისთვის შეფუთვის საშუალება, რომ კანდიდატების ნომინირება მოახდინოს და ამით შეიფუთოს ეს პროცესი, როგორც ჯანსაღი”, – ამბობს მშვენიერაძე.


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ მსჯელობა საქართველოს პარლამენტში გუშინ დაიწყო და დღესაც გაგრძელდა.

ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.