ახალი ამბები

გედევან ფოფხაძემ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ფრაქციიდან გასვლის შესახებ მიმართა

22 თებერვალი, 2019 • 901
გედევან ფოფხაძემ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ფრაქციიდან გასვლის შესახებ მიმართა

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” გასვლის შესახებ მიმართა.

როგორც “ნეტგაზეთს” კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, ამ დროისთვის კომიტეტში მხოლოდ გედევან ფოფხაძის მიმართვაა წარდგენილი.

ეკა ბესელიას, ბექა ნაცვლიშვილს და ლევან გოგიჩაიშვილს, რომლებმაც ზეპირი განცხადებები გააკეთეს, თავიანთი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებით არ დაუდასტურებიათ.

გიორგი კახიანის თქმით, ამ დეპუტატებმა, შესაძლოა, ფრაქციებს და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართონ მათი რიგებიდან გასვლის შესახებ, თუმცა საბოლოოდ ყველა დოკუმენტი, სავარაუდოდ, 25 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოიყრის თავს.

გედევან ფოფხაძე თავისი გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ საუბარს სწორედ 25 თებერვალს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი