ახალი ამბები

მარნეულში ადგილობრივმა მიწის დამუშავებისას ადრეული შუა საუკუნეების სამარხი იპოვა

22 თებერვალი, 2019 • 1805
მარნეულში ადგილობრივმა მიწის დამუშავებისას ადრეული შუა საუკუნეების სამარხი იპოვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ადგილობრივმა მცხოვრებმა კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას ადრეული შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პირველადი დათვალიერებისა და შესწავლის საფუძველზე ახლად გამოვლენილი ობიექტი, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიურ სამარხს წარმოადგენს და ის თანამედროვე მიწის ზედაპირიდან 92 სმ სიღრმეშია განთავსებული:

“მისი ზომების სიგრძე გარე პერიმეტრზე 210 სმ-ს, სიგანე 78 სმ-ს, ხოლო სიღრმე 41 სმ-ს შეადგენს. სამარხის ქვების სისქე 11-12 სანტიმეტრია. ქვაყუთი კარგად დამუშავებული ქვიშაქვის დიდი ქვებითაა აგებული  და მიწაში ვერტიკალურად ჩადგმულ ოთხ და გადახურვის ორი ქვას მოიცავს. სამარხის ძირს კირხსნარით მოლესილი მიწა წარმოადგენს” – აცხადებენ სააგენტოში.

სამარხში ასევე აღმოჩნდა ქრისტიანული წესით, გულაღმა ჩასვენებული ორი ზრდასრული ადამიანის ძვლები. როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, თავისა და მენჯის ძვლის მიხედვით, სავარაუდოდ, სამარხის სამხრეთ ნაწილში მამაკაცია დასვენებული, ხოლო ჩრდილოეთით ქალის ნეშტია:

“სამარხში დაფიქსირებული კიდევ ორი მიცვალებული, რომელთა ძვლები სამარხის ბოლოსკენაა მიხვეტილი. მათგან ერთი, სავარაუდოდ, მოზარდი ადამიანის ძვლოვანი მასალის ნაშთებია, რომელიც სამარხში ჩრდილოეთით დაფიქსირებული მიცვალებული ქალის მუხლებთან აღმოჩნდა. მეოთხე მიცვალებულის ძვლების ნაშთები კი, სავარაუდოდ, ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, რომელიც სამარხის აღმოსავლეთ კუთხეში ესვენა.

სამარხში დროთა განმავლობაში ჩამდინარე გრუნტის წყლის გამო ძვლოვანი მასალა ცუდ მდგომარეობაში, სანახევროდ დაშლილი იყო ისე, რომ ჩონჩხების ალაგება ვერ მოხერხდა. სამარხის გახსნის პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ სამარხის ფილები და კირხსნარი წყალს არ ატარებდა, ძვლოვანი მასალა სანახევროდ ჩაფლული იყო წყლის და ტალახის ნაზავში”, – აცხადებენ სააგენტოში.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგეტნოში აცხადებენ, ფოტო და გრაფიკული ფიქსაციის შემდეგ ძვლოვანი მასალა სამარხში დარჩა, მიწით ამოივსო და დაიხურა. სააგენტოს განცხადებით, სამარხი აბსოლუტურად უინვენტარო აღმოჩნდა.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ტერიტორიის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტრაქტორის მუშაობისას შემთხვევით განადგურდა კიდევ ერთი სამარხი (პირობითად სამარხი N2). სააგენტოს ცნობით, ადგილზე დაფიქსირდა სამარხის ქვებისა და მკვეთრად დაზიანებული ძვლოვანი ნაშთები:

“სამარხის გამოვლენისას, მეპატრონემ მყისიერად შეწყვიტა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის საფუძველზე, ფაქტის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ საგენტოს აცნობა”, – აცხადებენ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი