დეკანოზ გიორგი მამალაძის დიაგნოზზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაშია გადაყვანილი. უწყებაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულის გადაყვანა ექიმების რეკომენდაციით მოხდა.

ამასთან, პენიტენციური სამსახური ცნობით, 20 თებერვალს ექიმებმა მსჯავრდებულ დეკანოზს დისოციაციური მოტორული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მათივე ცნობით, დეკანოზი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას.

“პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ყველა იმ სამედიცინო პროცედურას გაივლის, რაც რეკომენდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით.
შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 15 თებერვალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა წინასწარი დიაგნოზით -თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა, ჰიპერტონული კრიზი. ჩატარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. მათ შორის ორჯერ გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა (ერთხელ კლინიკაში მოთავსებისთანავე, ხოლო მეორედ – 16 თებერვალს, დინამიკაში დაკვირვების მიზნით).
17 თებერვალს მსჯავრდებულს თავის ტვინის და ხერხემლის MRT გამოკვლევა ჩაუტარდა. აღნიშნული გამოკვლევებით თავისა და ზურგის ტვინში მწვავე კეროვანი პათოლოგია არ გამოვლენილა.
ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე 18 თებერვალს გაიმართა ნევროლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნის თანახმად, მოცემულ ეტაპზე თავის ტვინის ორგანული დაზიანების ნიშნები გამოვლენილი არ ყოფილა. 20 თებერვალს ჩატარდა ნევროლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კონსილიუმი. ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ფსიქიკური სტატუსის, გამოკვლევების მონაცემების გათვალისწინებით ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობა. კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას, რისი ორგანული საფუძველიც გამოკვლევებით არ დადგინდა. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია იმყოფება ფსიქოლოგიური სტრესისა და იზოლაციის მდგომარეობაში. კონსილიუმის დასკვნით, აღნიშნული ნოზოლოგიის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ფსიქოთერაპია, ხოლო ფარმაკოთერაპია გამოიყენება თანმხლები დარღვევების (მაგალითად, დეპრესიის ან შფოთვის) სიმპტომების რედუქციის მიზნით. გარკვეული პოზიტიური გამოცდილება დადასტურებულია ფიზიოთერაპიული ინტერვენციებიდან, რაც ხორციელდება თავდაპირველად სტაციონარულად, ხოლო შემდგომ ამბულატორიულად. ექიმთა კონსილიუმმა აღნიშნა, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტის მართვის უფლება, კომპეტენციების შესაბამისად, ასევე აქვს ნევროლოგს, რაც პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს. კონსილიუმის მოცემული დასკვნის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სტაციონარში გადაყვანის შესახებ, როგორსაც წარმოადგენს პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულება, სადაც მას ექიმების მიერ რეკომენდებული მკურნალობა ჩაუტარდება,”-წერია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.