ახალი ამბები

ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა

22 თებერვალი, 2019 • 2214
ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა

ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა, სოციალ-დემოკრატიული პარტია და ფრაქცია დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ჟურანლისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ის დამოუკიდებლად უფრო მეტს გააკეთებს.

“მე დავტოვე უმრავლესობა, პარტია, ფრაქცია და ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ეკა ბესელიას მიერ დააანონსებულ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ ალიანსში არავისთან შევა, თუმცა, საჭიროებისამებრ, თანამშრომლობაზე თანახმაა.

“ალიანსში არავისთან შევდივარ, დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, თუ იქნება საკითხები, რომლებსაც მხარს ვუჭერ და ვეთანხმები, ექნება ჩემგან მხარდაჭერა. და თუ მეც ისეთ ინიციატივას დავაყენებ, რომელსაც ექნება მხარდაჭერა.. რა თქმა უნდა, აქ არ იქნება გარჩევა, ვინ რომელი პარტიის ან ფრაქციის წარმომადგენელია,” – დასძენს ბექა ნაცვლიშვილი.

 

ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა სოციალ-დემოკრატების ალტერნატიულ კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის შესახებ. თავად ნაცვლიშვილი გადაწყვეტილებას ჟურნალისტებთან ასე ხსნის:

“42-მა ადამიანმა დამიჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო. თუმცა, მათ შორის, ვინც წინააღმდეგი იყო – ძალიან ცოტა ადამიანისგან მოვისმინე არგუმენტი. ეს არის ძალიან უხერხული მდგომარეობა, როდესაც არგუმენტებს არ ეუბნები ადამიანს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ეს იყო მსოფლმხედველობითი გადაწყვეტილება, ეს იყო ინდივიდუალიზმსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის არჩევანი.  უმრავლესობამ დაუჭირა ინდივიდებს მხარი, ჩემი კანონპროექტი კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეფუძნებოდა. და, ზოგადად, ეფუძნებოდა ამ საზოგადოების ერთხელ და საბოლოოდ ერად ჩამოყალიბებას. თუ ჩვენ სოლიდარობა არ გვექნება ერთმანეთის მიმართ, ვერც ჩამოვყალიბდებით ერად და ნებისმიერი კანონპროექტი იქნება ფუჭი იმიტომ, რომ ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს.

ადრეც იყო ბევრი საკითხი, რომელზეც მე მქონდა კრიტიკული პოზიცია და მხარს არ ვუჭერდი, მაგრამ ეს იყო გარდამტეხი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საპენსიო რეფორმა არ არის, ეს იყო კომპლექსი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაეგდა ხელისუფლებას სრულფასოვანი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. ეს შანსი, ამ თემაზე საუბრის შანსი კანონპროექტის საფუძველზე მოგვეცა ახლა და, შესაბამისად, ამან უფრო მკაფიო გახადა ის განსხვავებები, რაც არსებობდა.

მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე საუბარს უკეთ მოვახერხებ მარტო, ამ შემთხვევაში და უფრო მეტად საზოგადოების მხარდამჭერით, გარედან და არა პარლამენტიდან, ვიდრე მოვახერხებ პარლამენტის შიგნით, იმიტომ, რომ ამისთვის იყო ბევრი დრო, მაგრამ პარლამენტს შიგნით ეს არ გამოვიდა.

გულწრფელად რომ გითხრათ, 6 თვის წინ დავასრულე ამაზე მუშაობა და ამის შემდეგ რამდენჯერმე ვთხოვე უმრავლესობას, რომ შევკრებილიყავით და განგვეხილა. მხოლოდ ერთხელ, ქუთაისში განვიხილეთ ეს საკითხი 20 წუთით. ეს კანონპროექტი მე მთავრობაშიც მივიტანე.

პარლამენტმა, სამწუხაროდ, არ დაუჭირა უმრავლესობით მას მხარი, მაგრამ მე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც გაათვითცნობიერა უპირატესობა ამ კანონპროექტის და დამიჭირა მხარი.

მთავრობის არგუმენტები ძირითადად იყო ტექნიკური. რაც შეეხებოდა შინაარსობრივ მხარეს, მე ის გავაბათილე, მაგრამ პოლიტიკური ნაწილია არის ის, რაც ჩვენ გვყოფს.

პირველი მოსმენით დაეჭირა მხარი და შემდეგ მე მზად ვიყავი ნებისმიერი ფორმატში განმეხილა. ახლაც შეუძლია მთავრობას, რაც მოსწონთ და რაშიც ცალსახა მხარდამჭერა აქვთ ჩემი ინიციატივის – ისინი გადაიღონ. დიდი სიამოვნებით, მე ამას მხარს დავუჭერ.

ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ არ არის პარტიის შექმნაზე არანაირი საუბარი. რაც შეეხება, თუ რატომ ვტოვებ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას –  მიმაჩნია, რომ დამოუკიდებლად უფრო მეტს გავაკეთებ ამ მიმართულებით, ვიდრე პარტიის შიგნით,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი