ახალი ამბები

ცესკომ მეუფე იაკობის ქადაგების გამო საპატრიარქო არ დააჯარიმა

14 აგვისტო, 2014 • • 2841
ცესკომ მეუფე იაკობის ქადაგების გამო საპატრიარქო არ დააჯარიმა

როგორც ცესკოში განმარტავენ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მეუფე იაკობმა მათ წერილობითი განმარტება წარუდგინა, რომელშიც განმარტებული იყო, რომ ის ქადაგებდა, როგორც ცალკეული სასულიერო პირი და არ წარმოადგენდა ეკლესიას. ცესკომ ეს არგუმენტი გაიზიარა:

 

“ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ეპისკოპოსმა ცესკოში წარმოადგინა წერილობითი პოზიცია, რომ ის ასრულებდა ღვთისმსახურებას, როგორც მქადაგებელი სასულიერო პირი და არ წარმოადგენდა რელიგიურ ორგანიზაციას. საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციას და არა ცალკეულ სასულიერო პირებს, შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ მისი ქადაგება მრევლისადმი არ წარმოადგენდა ეკლესიის სახელით გაკეთებულ განცხადებას და, შესაბამისად, აღნიშნული ქადაგება ვერ იქნებოდა მიჩნეული და განხილული საარჩევნო კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. ეს თავმჯდომარის განცხადებაა,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.

 

აზარაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი. კითხვაზე, თუ რატომ ჩათვალა ცესკომ იაკობი ცალკეულ სასულიერო პირად, როცა ის კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესიას წარმოადგენს, როგორც ქორესპისკოპოსი, აზარაშვილი ამბობს:

 

“ამ შეთანხმებაში წერია, რომ ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს საპატრიარქო -ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით. ცესკომ მიიჩნია, რომ ეკლესიის სპეციალურ წარმომადგენლად საპატრიარქოში აუცილებლად მოიაზრება ქორეპისკოპოსი და მდივანი ერთად და არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ცალ–ცალკე.”

 

კითხვას, თუ რატომ მიიჩნია ცესკოს თავმჯდომარემ ასე, როცა არსებობს ოფიციალური დოკუმენტები, რომლებსაც ქორეპისკოპოსი იაკობი ეკლესიის სახელით აწერს ხელს, აზარაშვილი პასუხობს:

 

“ცესკოს თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ რახან ჩანაწერში წერია ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით, ეს განხილული უნდა იყოს ერთად. ქორეპისკოპოსმა ცესკოში განმარტება წარმოადგინა, რომლის თანახმად ის ქადაგებდა როგორც სასულიერო პირი და არ წარმოადგენდა რელიგიურ ორგანიზაციას. ამ ყველაფრის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარის პოზიცია არის ის, რომ ქადაგება ვერ იქნება განხილული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად.”

ქორეპისკოპოსი იაკობი
ქორეპისკოპოსი იაკობი

 

პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ ქორეპისკოპისი და მდივანი საპატრიარქოს ცალ–ცალკე წარმოადგენენ:

 

“ცალ–ცალკე წარმოადგენენ. სახელმწიფოსთან ურთიერთობებში უფლებამოსილება გააჩნია მდივანს და ქორეპისკოპოსს. ურთიერთობებში დოკუმენტებს ეკლესიის სახელით ხელს ან პატრიარქი, ან ქორეპისკოპოსი, ან მდივანი აწერს. ეს დამოკიდებულია იმაზე, სახელმწიფო ურთიერთობებში რა რანგის პირთან გვაქვს საქმე. როცა პრეზიდენტი და პრემიერი აწერს, ეკლესიის მხრიდან პატრიარქის ხელმოწერაა და ა.შ.” 

 

მეუფე იაკობმა 6 ივლისს, წინასაარჩევნო პერიოდში ქადაგების დროს წინა ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა:

 

“რომ მოდიხართ და თავს რომ გვთავაზობთ, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ და ჩამოაყალიბეთ რაღაცა. თუ ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა?.. უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და არჩევანი გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აყარეს ერს, უარი უნდა ეთქვას”.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიიჩნია, რომ ეს განცხადება არის წინასაარჩევნო აგიტაცია, რასაც საარჩევნო კოდექსი უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს, მოცემულ შემთხვევაში კი, “ქორეპისკოპოსი აღქმული უნდა იქნეს მართლმადიდებელი ეკლესიას წარმომადგენლად”, – მიიჩნევენ არასამთავრობოები, რომლებმაც ცესკოს სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

 

საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი