ახალი ამბები

საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად არ გამოვეტირები – ჩუგოშვილი

22 თებერვალი, 2019 • 1642
საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად არ გამოვეტირები – ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილმა ეკა ბესელიას გასვლა “ქართული ოცნებიდან” სამწუხარო ფაქტად შეაფასა, თუმცა თქვა, რომ ძლიერი პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით ოპოზიცია, ქვეყანას აკლია და მხოლოდ კარგია, რომ ეკა ბესელიას პოლიტიკური ძალა არჩევნებში მიიღებს მონაწილეობს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ “ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს, ჩუგოშვილის შეფასებით, ეს ტრაგედია არ არის.

“საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაში არ არის ტრაგედია. პირიქით, მე მგონია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია. ამიტომ საკონსტიტუციო უმრალესობას ნამდვილად არ გამოვეტირები მე პირადად – სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ თემას, იმ დაძაბულობას, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული, რომლის კულმინაციაც, ალბათ, გუშინ იყო პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს, ნამდვილად ვისურვებდი, რომ მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. თუმცა ამისთვის, ალბათ, ორივე მხარის მონდომება არის საჭირო”, – განაცხადა ჩუგოშვილმა

საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. “ქართულ ოცნებას” პარლამენტში 115 მანდატი ჰქონდა, თუმცა მმართველი გუნდის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა ეკა ბესელიამ. გუნდი ჯერ ოფიციალურად არ დაუტოვებია ლევან გოგიჩაიშვილს, თუმცა გუშინ, 21 თებერვალს მან განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში პარლამენტში ბოლო გამოსვლა ჰქონდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი