სომხეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს რეგიონში უსაფრთხოების გარანტად მოიხსენიებს

“კავკასიის რეგიონში რუსეთის არსებობა კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში შემაკავებელი ფაქტორია, რეგიონში სამხედრო მოქმედებები რომ არ განახლდეს და ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას”. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სომხეთში რუსეთის საელჩოში მიღების დროს განაცხადა.

მისი განცხადებით, გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას არაერთხელ დაუმტკიცებია საკუთარი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება დასახული ამოცანების შესრულების მიმართ და მაღალი საბრძოლო მზაობაც დაუდასტურებია.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივი შეთანხმებების მნიშვნელობაზე:”მათი მნიშვნელობა რთული შესაფასებელია. მათი წყალობით სომხურ-რუსული პოტენციალი რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა”.

მისივე თქმით, 7-9 თებერვალს, რუსეთში მისი ვიზიტის დროს, კიდევ რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი.

მინისტრმა ორი ქვეყანას შორის ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზეც ისაუბრა:

“სომეხი სპეციალისტები გაეგმზავრნენ ალეპოში ჰუმანიტარული მისიით. ამასთან დაკავშირებით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საკითხების ოპერატიული გადაწყვეტისთვის – სომეხი სპეციალისტების  ადგილზე ჩაყვანის უზრუნველყოფისთვის”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი